Thumbnail

აბუ დაბის გრანდ სლემი | ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ტატამიზე შაბათს, 27 ნოემბერს ვიხილავთ
  • ლაშა შავდათუაშვილი ტურნირში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაებმება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) მეტოქეთა ვინაობა შეიტყო აბუ დაბის გრანდ სლემზე, რომელიც 26-28 ნოემბერს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ლაშა ქართველ ძიუდოისტთაგან ერთადერთია, ვისაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ ტურნირზე ვიხილავთ.

შავდათუაშვილი წონაში პირველ ნომრად არის განთესილი და სასტარტო წრეში დაისვენებს, მერვედფინალში კი მოლდოველ ადილ ოსმანოვსა და სწორედ საამიროების წარმომადგენელ საიდ ალ ნაქბის შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ქართველი ძიუდოისტის ბადის მხარეს ყველაზე მეტად მონღოლი ოდბაიარ განბაატარი, რუსი კაზბეკ ნაგუჩევი, უზბეკი ხიკმატილოხ ტურაევი და ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი გამოირჩევიან. აბუ დაბიში ასევე ვიხილავთ კიდევ ერთ მონღოლ ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირსა და მოლდოველ ვიკტორ სტერპუს. ამ სიის გაცნობიდანაც სჩანს, რომ შავდათუაშვილი ტურნირის უმთავრესი ფავორიტი იქნება.

ლაშა შავდათუაშვილი საამიროებში საქართველოს ნაკრების ერთადერთი წარმომადგენელი იქნება

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის 2021 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მფლობელი გახდა. ამდენად, შავდათუაშვილს კარგი შანსი აქვს, წელი კიდევ ერთი ტიტულით დაასრულოს.

მოახლოებულ შეჯიბრში 41 ქვეყნის წარმომადგენელი 225 ძიუდოისტი (137 კაცი+88 ქალი) ჩაებმება. გრანდ სლემი სამ დღეს გასტანს, შავდათუაშვილს კი ტატამზე შაბათს, 27 ნოემბერს ვიხილავთ. ფინალური ბლოკი ყოველდღიურად თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ შარშან აბუ დაბის გრანდ სლემი კოვიდ-პანდემიის გამო არ გამართულა, 2019 წელს კი საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 ძიუდოისტით იყო წარდგენილი, თუმცა, მხოლოდ 2 მედალი მოიპოვა. ფინალი წააგო და ვერცხლს დაეუფლა ლუკა მაისურაძე (81 კგ.), ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ.) ბრინჯაო დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები