Thumbnail
  • 'შენგელიას ძალიან გაუჭირდება, თუმცა, შესაძლოა, ეიფორიაშიც იყოს'
  • უკრაინის ნაკრების ცენტრმა საქართველოს ნაკრებთან მატჩზე ისაუბრა

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა არტიომ პუსტოვოიმ საქართველოსთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პუსტოვოი ესპანური გრან კანარიას ღირსებას იცავს და არაერთხელ ჰქონია გადაკვეთა ლენოვო ტენერიფეს ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინთან. ბოლო ასეთი დაპირისპირება ლიგა ენდესას გასულ ტურში შედგა და შერმადინმა დერბიში 25 ქულა ჩააგდო, უკრაინელის მონაგარი კი მხოლოდ 8 ქულა იყო.

არტიომ პუსტოვოი (უკრაინის ნაკრების კალათბურთელი)

...საქართველოს ნაკრებზე: “ნამდვილად ვერ დაგპირდებით, რომ საქართველოსთან უეჭველი მოვიგებთ, უბრალოდ, მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ, ამისთვის კი სულ 4-5 დღე გვქონდა. ბიჭებთან შეთამაშებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს ნაკრებთან 2017 წლის ევრობასკეტზე მითამაშია და მაშინ მოვიგეთ. იმედია, ახლაც ასე იქნება. საკმაოდ სერიოზული გუნდი ჰყავთ, ძლიერი კალათბურთელებით. მწვრთნელები კიდევ გვეტყვიან რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. მთავარია, მათ ათამაშების საშუალება არ მივცეთ.

...გიორგი შერმადინზე: “გასულ უქმეებზე საკლუბო დონეზე სწორედ ქართველების ერთ-ერთ ლიდერ გიორგი შერმადინთან მომიწია დაპირისპირება. დიდებული მატჩი ჰქონდა, თამაშში გარდატეხა შეიტანა და მოიგეს კიდეც. ესპანეთის ჩემპიონატიდან მას კარგად ვიცნობ და გიორგის ძლიერი მხარეებიც ვიცი. თუმცა, მასთან ერთი ერთზე დაპირისპირება ხომ არ მომიწევს? კალათბურთს ხუთი ხუთზე თამაშობენ, ამდენად, დახმარებას ველი. მოედანზე ერთი მთლიანი ორგანიზმი უნდა ვიყოთ და დაცვაში იდეალურად ვითამაშოთ. ვეცდები, ფარქვეშ მას მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიო. აშკარაა, რომ მის წინააღმდეგ დაცვა ჩემი პრობლემა იქნება. ვიცი, რომ მას ტრიალში შეტევა უყვარს, ამდენად, ცენტრი უნდა ჩავუკეტო. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა თამაშის ხასიათზე არ მოვიდეს.

...თორნიკე შენგელიაზე: “ვიცით, რომ ჩვენთან მატჩის წინა დღეს მას ევროლიგის თამაში ელის და ეს, ძალიან რთული იქნება. შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში დიდი როლი აკისრია, სავარაუდოდ, ბევრ წუთს ითამაშებს, შემდეგ კი საქართველოში უნდა გაემგზავროს... ძალიან გაუჭირდება. მეორეს მხრივ, არ ვიცით, თორნიკე საქართველოს ნაკრებში რა ხასიათზე ჩავა. შესაძლოა, ეიფორიაშიც კი იყოს, რაც მას დამატებით ძალებს მისცემს. ამდენად, მოდუნების უფლება არ გვაქვს. შენგელიას ფაქტორზე უბრალოდ არ უნდა ვიფიქროთ და მატჩისთვის მოვემზადოთ”.

ევრობასკეტი 2017: გიორგი შერმადინისა და არტიომ პუსტოვოის ორთაბრძოლა

შეგახსენებთ, რომ საქართველო და უკრაინა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე G ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ესპანეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაც ირიცხებიან. ჯგუფის სასტარტო მატჩი თბილისში 26 ნოემბერს შედგება და 19:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს ერთმანეთს ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები