Thumbnail

ისევ 22 ქულა! ბეჟანიშვილმა G ლიგაში შედეგიანობის რეკორდი გაიმეორა

  • მოტორ სიტი 122:103 გრანდ რაპიდსი | ბეჟანიშვილი: 22 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი
  • ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო

23 წლის ქართველი კალათბურთელი (ავსტრიული პასპორტი აქვს) გიორგი ბეჟანიშვილი ძალიან შედეგიანად თამაშობს NBA-ს G ლიგაში, სადაც დენვერ ნაგეთსის სარეზერვო გუნდ გრანდ რაპიდს გოლდის ღირსებას იცავს.

გრანდ რაპიდსი 2 დღის განმავლობაში მეორედ დაუპირისპირდა მოტორ სიტი კრუიზს და თუკი პირველ შემთხვევაში, 96:94 იმარჯვა, ამჯერად, 103:122 დამარცხდა, მთავარი კი ისაა, რომ ქართველ ცენტრს ორივე შეხვედრაში 22 ქულა ჰქონდა.

გიორგი ბეჟანიშვილი მოტორ სიტის ლიეტუველ ლეგიონერ დეივიდას სირვიდისის წინააღმდეგ

გიორგიმ ამჯერად 29 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. ქართველმა ლეგიონერმა 11-დან 9 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო (G ლიგის ექსპერიმენტული წესებით, თუკი კალათბურთელი პირველ საჯარიმოს აგდებს, მას ფოლის რაობის მიხედვით, პირდაპირ 2 ან 3 ქულა ეთვლება) გამოიყენა, აქტივში 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 3 პერსონალური ფოლი და 2 დაკარგვა.

საინტერესოა, დღევანდელი მატჩის ბოლო მეოთხედის წინ, გრანდ რაპიდსი 1 ქულით იყო წინ, შემდეგ კი 17:37 განადგურდა და ცხადია, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. ბეჟანიშვილის გუნდს G ლიგის ცენტრალურ დივიზიონში 4 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩებს კი, 3-4 დეკემბერს, სანდრო მამუკელაშვილის ვისკონსინ ჰერდთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები