Thumbnail

ტოჩინოშინის მე-8 წაგება - ის უარყოფით ბალანსს ვეღარ გადაურჩება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძე იაპონელ სადანოუმისთან ამიუჩით დამარცხდა
  • 34 წლის ქართველ სუმოისტს წოდებაში დაქვეითება ელის

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა საშემოდგომო სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით (მაკე-კოში) დაასრულა და წოდებაში ვარდნა ელის.

ქართველი სეკიტორი კიუშუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და სასტარტო 4 დღე ტრავმის გამო გამოტოვა, რის გამოც თავიდანვე ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დღეს, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-16 მაეგაშირა სადანოუმის გაეჯიბრა და 34 წლისვე იაპონელთან ამიუჩით დამარცხდა. სასტარტო შეჯახების შემდეგ უკეთეს მდგომარეობაში თითქოს ტოჩინოშინი აღმოჩნდა, თუმცა, მეტოქემ გვერდზე გაწევა მოახერხა, გორგაძემ კი წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.

ამგვარად, ქართველა სუმოისტს 4 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და სატიტულო დაქვეითებას ვერ გადაურჩება, თუმცა კი, ჯერაც გადასაჭრელი აქვს მთავარი პრობლემა. ლევანს დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან ერთის მოგებაც მაინც სჭირდება, რათა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.

კიუშუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს დადგება, რომელსაც ჩვენებური 13-ჯერ შეხვედრია და საგრძნობი უპირატესობა აქვს: 9 მოგება, 4 მარცხი. 33 წლის იაპონელს ფუკუოკაში უკვე 7 წაგება აქვს, ამდენად, ტოჩინოშინთან მაქსიმალურად დაიხარჯება.

კომენტარები

ბოლო ამბები