Thumbnail

დოპინგი 2012 წლის სინჯებში - 13 ძალოსანს შორის 2 ქართველი მედალოსანია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ 2012 წლის სინჯები გადაამოწმა
  • აკრძალული ნივთიერებები 13 ძალოსნის დოპინგ-ტესტში აღმოჩნდა
  • ცირეკიძემ და თურმანიძემ ანტალიაში მოპოვებული მედლები შეიძლება დაკარგონ 

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA), რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისთვის (IWF) დამოუკიდებელ ანტისადოპინგო პროგრამას ახორციელებს, ხელმეორედ გადაამოწმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღებული სინჯები და დარღვევები 13 ძალოსანს, მათ შორის ტურნირს ოქროს და ბრინჯაოს ქართველ მედალოსნებს, შესაბამისად, რაულ ცირეკიძესა და ირაკლი თურმანიძეს აღმოუჩინა.

აღნიშნული დოპინგ-სინჯები თავის დროზე "უარყოფითად" შეფასდა. გერმანიის ქალაქ კიოლნში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, უახლესი მეთოდებით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ კი სინჯებში რამდენიმე აკრძალული ანაბოლური სტეროიდის კვალი გამოავლინა.  

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2012 წლის აპრილში, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა, 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში რაულ ცირეკიძემ ორჭიდის ჯამში ჩემპიონობა იზეიმა, მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე (+105 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 

რაულ ცირეკიძემ ანტალიაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

აღსანიშნავია, რომ თურმანიძესაც და ცირეკიძესაც აქტიური სპორტული კარიერა უკვე დასრულებული აქვთ. საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში ფაქტის კომენტირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. 

ITA-მ ინფორმაცია თავის საიტზე 18 ნოემბერს გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, 13-ივე ძალოსანი, რომელთა სინჯებშიც აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა, მათთვის არასახარბიელო შედეგების შესახებ უკვე ინფორმირებულია. ცირეკიძისა და თურმანიძის გარდა, სიაში 4 თურქი, 2 რუმინელი და თითო რუსი, ალბანელი, ბელარუსი, მოლდოველი და კვიპროსელი სპორტსმენია. დოპინგის მოხმარებაში ეჭვმიტანილი ძალოსნები შეჯიბრებებს დროებით, საქმის წარმოების დასრულებამდე ჩამოშორებული არიან. მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ B-სინჯების გადამოწმება. 

კომენტარები

ბოლო ამბები