Thumbnail
  • გენტი კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ანორთოსისს ხვდება
  • 22 წლის ქართველი ნახევარმცველი მწყობრშია და გუნდს კვიპროსში გაჰყვა

გიორგი ჩაკვეტაძე გენტის იმ 25 ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა კვიპროსში, კონფერენსლიგის მატჩისთვის წაიყვანა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებიდან კლუბში ნაადრევად დაბრუნებულმა 22 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც ვილი სანიოლის გუნდი მუხლის ტკივილის მიზეზით დატოვა, ჟუპილერ ლიგაში, ვარეგემთან მე-15 ტურის შეხვედრაც გამოტოვა. გიორგი სამატჩო განაცხადშიც არ ყოფილა.

გიორგი ჩაკვეტაძე ეროვნულ გუნდს ნოემბრის მატჩებში ვერ დაეხმარა

როგორც ჩანს, ბელგიური გუნდის ქართველი ფეხბურთელი ახლა მწყობრშია და ანორთოსისთან თამაშისთვის მზადაა. 

კონფერენსლიგის B ჯგუფს გენტი 4 მატჩში მოპოვებული 10 ქულით ლიდერობს და ტურნირის ⅛-ფინალის საგზური განაღდებული აქვს, ანორთოსისი კი 2 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზეა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი გენტს 26 ნოემბერს უმასპინძლებს.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში გენტის ღირსება ყველა ტურნირის 14 მატჩში დაიცვა, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. ბოლოს ფეხბურთელმა 7 ნოემბერს, სერენთან ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები