Thumbnail

ფუტსალი | ნახევარფინალური სერია საინტერესოდ დაიწყო - 10 გოლი ორ შეხვედრაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თელასი 5:0 ტატიშვილი
  • აგორა 3:2 კოლხი
  • სერია ორ მოგებამდე გრძელდება

საქართველოს ფუტსალის ლიგაში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. თელასი ტატიშვილს უპირისპირდება, კოლხი-გულრიფში აგორას, სერია კი ორ მოგებამდე გრძელდება. პირველი ნახევარფინალური მატჩები ძალიან საინტერესოდ წარიმართა და უშეღავათო, დაძაბული ბრძოლით გამოირჩა.

თელასი 5:0 ტატიშვილი

ტატიშვილმა რეგულარული სეზონი მოიგო და შესაბამისად, თელასთან დაპირისპირებაში ბევრი ფავორიტად მიიჩნევდა. თელასმა სწორად წარმართა შეხვედრა და დამაჯერებელი ანგარიშით, 5:0 სძლია მეტოქეს.

ავთანდილ ასათიანის გუნდისთვის სერია კარგად დაიწყო

ანგარიში მე-9 წუთზე შოთა ჭანუყვაძემ გახსნა, რასაც ერთ წუთში შოთა თოფურიას გოლი მოჰყვა და თელასი 2:0 დაწინაურდა. დარჩენილი დრო ტატიშვილის ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი არ ჩანდა, რასაც მდევარი გუნდის ვაბანკი და თელასის კიდევ 3 გოლი მოჰყვა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გოლები მატჩის მიწურულს გაიტანა, როდესაც ტატიშვილი 5 ფეხბურთელით უტევდა და კარი ფაქტობრივად დაუცველი ჰქონდა. 

შოთა თოფურიამ ტატიშვილს მეორე გოლი გაუტანა

ავთანდილ ასათიანი (თელასის მთავარი მწვრთნელი) 
"ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში არ ასახავს თამაშის სურათს. ბიჭები თითოეული სანტიმეტრისთვის ბოლომდე იბრძოდნენ. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. შემდეგ თამაშზე გაორმაგებული ენერგიით გამოვალთ,რადგან მოწინააღმდეგე რევანშის  სურვილით შეგვიტევს. თუ წინასწარ ვირწმუნებთ, რომ ფინალში ვართ, ეს დამღუპველი იქნება."

ალექსანდრე  ძაბირაძე (ტატიშვილის მთავარი მწვრთნელი)
"ეს პლეი-ოფია, აქ ნიუანსები წყვეტს ყველაფერს, დღეს  კი თელასმა უკეთ ითამაშა და დაიმსახურა გამარჯვება. დაპირისპირება ორ მოგებამდე გრძელდენა, ხვალ კი ახალი დღეა და ყველაფერს  გავაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ თამაში. მეტოქეს ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს, თუმცა ეს ბევრს არაფერს  ნიშნავს. მათ მონდომების ხარჯზე მოიგეს და ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას."

აგორა 3:2 კოლხი

კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართა მეორე ნახევარფინალური პაექრობა, რომელშიც აგორა და კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, როდესაც ამირან ცხომარიამ ეფექტური მოძრაობით მოატყუა მეტოქე და ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა. აგორამ აქტიურად შეუტია და მალევე, ლევან კობაიძის ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 1:1. პირველი ტაიმის დასრულდებამდე ნახევარი წუთი რჩებოდა, როდესაც გიორგი ჩიმაკაძემ ეფექტური გოლით აგორა წინ გაიყვანა. 

მეორე ნახევარში ორივე კართან უამრავი მომენტი შეიქმნა, თუმცა გუნდებმა მხოლოდ თითო გოლი გაცვალეს: ჯანო გიორგაძემ აგორას უპირატესობა გაზარდა, ბაბაკ ალავერიქჰანმა კი მატჩის საბოლო ანგარიში დააფიქსირა - 3:2 აგორას სასარგებლოდ.

დავით ბობოხიძე და ამირან ცხომარია

გიორგი ჩიმაკაძე (აგორა)
"დაძაბული შეხვედრა იყო. პირველ ნახევარში ვაჯობეთ მეტოქეს, მეორე ტაიმში მოვუკელით, თუმცა საბოლოოდ  ვიპოვეთ ჩვენი თამაში და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად  გავიმარჯვეთ, წინ კი მინიმუმ კიდევ ერთი თამაში  გველის. რა თქმა უნდა, შევეცდებით,რომ შემდეგ მატჩში დავამთავროთ ყველაფერი“

ამირან ცხომარია (კოლხი)
„ძალიან დაძაბული და რთული მატჩი იყო. ფორტუნა მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს აღმოჩნდა. ბევრი  საგოლე  მომენტი გვქონდა, თუმცა უმრავლესობა ვერ გამოვიყენეთ. ყველაფერი  წინ არის, მეტოქეს კი ვულოცავ ამ გამარჯვებას.“

ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები 3 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები