Thumbnail

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამო ბათუმი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც წყალტუბოს სამგურალს შეხვდება.

შეხვედრის დაწყების წინ გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის ილია კოკაიას ხსოვნას, რომელიც 23 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა. 

თამაშის საწყის წუთებში უფრო თამამად გია გეგუჩაძის ფეხბურთელები მოქმედებდნენ, რომლებსაც დედაქალაქში გულშემატკივართა ჯგუფი ამხნევებდა. პირველი სახიფათო მომენტიც სწორედ ბათუმელებმა შექმნეს, როდესაც მე-9 წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილი საჯარიმოში გიორგი ფანცულაიას მისამართით აწვდიდა. საბურთალომ იერიში მოეგერია, თუმცა სტუმრები დაეჭვდნენ, რომ იმ ეპიზოდში ლევან კაკუბავას ბურთი ხელზე მოხვდა. არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ამის შემდეგ კი საბურთალო გააქტიურდა და მომენტებსაც მხოლოდ ის ქმნიდა. მასპინძლებს ანგარიშის გახსნის ძალიან კარგი შანსი ჯერ 23-ე წუთზე ჰქონდათ. გიორგი ლაცაბიძის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან იური ტაბატაძე ურტყამდა და რომ არა ოლეკსანდრ აზაცკის თავით თამაში, ბურთი კარში შევარდებოდა.   

ლევან კორღალიძის შეგირდებმა მიზანს ათიოდე წუთის შემდეგ მაინც მიაღწიეს. მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მამუკა კობახიძემ ძალიან ცუდად მოიგერია, იქვე მყოფმა დმიტრი მანდრიჩენკომ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:0.

საბურთალოელთა მოლდოველ ნახევარმცველს შესვენებამდე დუბლის შესრულებისა და ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ მასთან ერთად გასულმა გიორგი გოჩოლეიშვილმა გადაცემა დაუგვიანა. ამ უკანასკნელის დარტყმა კი არაზუსტი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე დინამო ბათუმი ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა, რომელმაც თორნიკე ძებნიაურის დარტყმისა და მცირე რიკოშეტის შემდეგ, ბურთის მოგერიება ფეხით მოასწრო. სამაგიეროდ, ბათუმელთა მეკარე უძლური აღმოჩნდა შოთა ნონიკაშვილის მიერ საჯარიმოს გარედან, იდეალურად შესრულებული დარტყმის შემდეგ - 2:0.

დინამო ბათუმი საკუთარ თავს არ ჰგავდა. გეგუჩაძემ მატჩში გარდატეხის შეტანა ცვლილებებით სცადა, თუმცა საერთო სურათი ამით არ შეცვლილა და ხიფათი ისევ კუპატაძის კართან იქმნებოდა. სამაგიეროდ, სტუმრებმა შანსი მატჩის მიწურულს, პენალტით მიიღეს და ის გამოიყენეს კიდეც. გიორგი ნიქაბაძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად დაარტყა - 2:1. 

ბათუმელებმა ბოლო წუთები იერიშებში გაატარეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. საბურთალო, რომელსაც საქართველოს თასი ისტორიაში ერთხელ, 2019 წელს აქვს მოგებული, ფინალშია და ტიტულის მოპოვებას მეორედ შეეცდება. გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და იქ მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს სამგურალი წარსდგება, რომელმაც ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ქობულეთში შუქურა დაამარცხა (3:2).

დინამო ბათუმი კი, რომელსაც ჩემპიონობამდე ქულა აშორებს, ტიტულის განაღდებას ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურში, 29 ნოემბერს, სამგურალთან წყალტუბოში გასამართ შეხვედრაში შეეცდება.

საბურთალო 2:1 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 მანდრიჩენკო (34’), 2:0 ნონიკაშვილი (54’) 2:1 მამუჩაშვილი (პენ. 84')

საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე - მალი, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე - ძებნიაური, შ.ნონიკაშვილი - გოჩოლეიშვილი (89' კვერნაძე), მანდრიჩენკო (90+3' მამაგეიშვილი), ტაბატაძე - გულიაშვილი.

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე (82' მანჯგალაძე), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, მამუჩაშვილი - გაფრინდაშვილი (60’ ნავალოვსკი), ფლამარიონი, ჯიღაური (60’ ზარია) - ფანცულაია (70' ნიქაბაძე).

კომენტარები

ბოლო ამბები