Thumbnail

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა თქვა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს ის სასტარტო ხუთეული, რომელიც თბილისში საქართველოსთან მატჩს დაიწყებს. ამასთან, ლატვიელი სპეციალისტი კიდევ ერთხელ შეეხო კალათბურთელების ნატურალიზაციის თემას და საქართველოს ხსენების გარეშე არც ამ ამბავმა ჩაიარა.

“უკვე ვიცი, საქართველოს ნაკრებთან სასტარტო ხუთეულში ვინ ითამაშებს. ამ მხრივ გარკვეული სიცხადე არსებობს. როდესაც მეტოქის განაცხადს ვნახავთ, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა, ჯერ ვერ გეტყვით. ფინალური განაცხადი? საქართველოში 13 კალათბურთელით წავალთ.

ალბათ, მეასეჯერ ვამბობ, რომ ჩვენთვის ნატურალიზაციის საკითხო თვითმიზანი არა. უბრალოდ, გუნდში ისეთი მოთამაშის ყოლა, რომელიც პრობლემატური პოზიციის შევსებას ახერხებს, კარგი რამაა. ევროპაში ძალიან ბევრი მაგარი ამერიკელი კალათბურთელია, რომელთაც ნატურალიზაციის სურვილი თავადაც აქვთ. ახლა, ამას სერბეთიც კი აკეთებს, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე. მათ იმდენი ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავთ, ორ ნაკრებს გააკეთებენ”.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა და საქართველო მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მეტოქეები არიან. G ჯგუფის სასტარტო მატჩი თბილისში 26 ნოემბერს შედგება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს ერთმანეთს ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები