Thumbnail
  • NBA-ს ვარსკლავი აღდგენით პროცესს მეგობარ ზაზა ფაჩულიასთან ერთად გადის
  • 2019 წლის შემდეგ კალათბურთელებმა ერთად პირველად ითამაშეს

გოლდენ სტეიტ უორიორსის მცველმა და NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მსროლელმა კლეი ტომპსონმა ვარჯიში განაახლა და მეგობართან, ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიასთან ერთად დარბაზში ითამაშა.

სავარჯიშო თამაში კალათბურთელებმა კვირას ჩაატარეს, დღეს გამთენიისას კი ტომპსონმა კომენტარები ჟურნალისტებთან გააკეთა და საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად, ზაზა ფაჩულიაზეც ისაუბრა.

“თავს კარგად ვგრძნობ, ზუსტი თარიღის თქმა ძნელია, თუმცა იმედი მაქვს, სეზონის პირველ ნახევარში დავბრუნდები. ძალიან კარგი იყო ლეანდრო ბარბოსასა და ზაზა ფაჩულიასთან ერთად თამაში, ჩვენ ერთმანეთთან დიდი ისტორია გვაკავშირებს. ლეანდრო ისე მოძრაობს, თითქოს მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია. ზაზა კი ისეთივე ჭკვიანი კალათბურთელია. შესაძლოა, ცოტა სისწრაფე დაკარგა, მაგრამ მაგარ სქრინებს ისევ აყენებს და საოცარი პასის მოცემა ნებისმიერ დროს შეუძლია. ჩვენთან ერთად უორიორსის ახალგაზრდა მოთამაშეებიც იყვნენ, მათთან თამაში მომზადებაში უკეთ დამეხმარება,”- ციტირებს ტომპსონს CBSSports.

'ძველებურად მოძრაობას იწყებს, ძალიან მოტივირებულია' - ზაზა ფაჩულია კლეი ტომპსონზე

ყოფილი თანაგუნდელის შესახებ ზაზა ფაჩულიამაც ისაუბრა: “სანამ გუნდი აღმოსავლეთში მატჩების ჩასატარებლად იყო წასული, კლეისთან ერთად დარბაზში დიდი დრო გავატარე. ის სრულფასოვანი კონტაქტისთვის მზად არის, 3X3 და 5X5 ვითამაშეთ, ის ჩემს გუნდშია. სხვათა შორის, დღემდე არ მქონდა გააზრებული, რომ კლეისთან ერთად კალათბურთი 2019 წლის შემდეგ არ მითამაშია. მან ტრავმა მიიღო, მე კარიერა დავასრულე, ახლა კი ერთად დავბრუნდით. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან სასიამოვნოა. წინა კვირაში ძალიან გავერთე, კარგი იყო მასთან ერთად თამაში, მისთვის სქრინის დაყენება და 3-ქულიანი სროლის პოზიციაზე მისი გაყვანა, ასევე ფეხებს შორის გაკეთებული პასები. ის ძველებურად მოძრაობას იწყებს, ძალიან მოტივირებულია,”- თქვა ფაჩულიამ 95.7 The Game's "The Morning Roast-თან საუბრისას.

კლეი ტომპსონი პარკეტზე 2019 წლის ფინალების შემდეგ არ გამოჩენილა და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მზად არც ჯერ არის. კალათბურთელს დაბრუნება საშობაოდ სურდა, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამას, მისთვისაც უცნობია. 

კომენტარები

ბოლო ამბები