Thumbnail

'დაცვის გაგლეჯვის გამორჩეული უნარი აქვს' - კვესელაძის ახალი კონტრაქტი გლოსტერში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'სოლიდური სანაკრებო გამოცდილება ჰქონდა და ვარსკვლავური ხიბლი კლუბსაც შესძინა'
  • გიორგი კვესელაძემ პრემიერშიპის კლუბთან მრავალწლიანი ხელშეკრულება შეათანხმა

ინგლისურმა სარაგბო კლუბმა გლოსტერმა კონტრაქტი გაუგრძელა საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბ გიორგი კვესელაძეს. როგორც კლუბის პრეს-სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ქართველ მორაგბესთან მრავალწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა, ზუსტად რა დროზეა ახალი თანამშრომლობა გათვლილი, არ ხმაურდება.

“გიორგი კვესელაძემ ყურადღება თეთრ-წითელი მაისურის ჩაცმისთანავე მიიპყრო. მას სოლიდური საერთაშორისო გამოცდილება ჰქონდა და ვარსკვლავური ხიბლი კლუბსაც შესძინა. ფიზიკურად ძლიერ მორაგბეს ბურთის წაღებისა და მეტოქის დაცვის გაგლეჯვის გამორჩეული უნარი აქვს. კვესელაძის შენარჩუნება ნამდვილად კარგი ამბავია”, - ვკითხულობთ გლოსტერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა ინგლისური პრემიერშიპის კლუბის ყურადღება გასულ წელს “შემოდგომის ერთა თასზე” დიდებული თამაშის წყალობით (უელსთან მატჩში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ირლანდიას მაგარი ლელო დაუდო) მიიპყრო და დეკემბერში გლოსტერელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალ გუნდში კვესელაძის დებიუტი წლეულს თებერვალში, ლონდონ აირიშთან მატჩში შედგა.

ცნობისთვის, გიორგის გარდა, გლოსტერმა ასევე ხანგრძლივი კონტრაქტები გაუფორმა სამხრეთაფრიკელ რუან აკერმანს, არგენტინელ მატიას ალემანოსა და ინგლისელ ვალ რაფავა-რუსკინს. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი “ბორჯღალოსანთა” ყოფილი წევრის გია რაფავას ვაჟია, თუმცა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით არასდროს უთამაშია.

📺 გიორგი კვესელაძის ლელო ირლანდიასთან

კომენტარები

ბოლო ამბები