Thumbnail

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. ილიას ზუროსის გუნდი მეტოქეს 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.

უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა თბილისში გამომგზავრების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებებზე ისაუბრა. 

ბაგატსკისის გუნდის მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა

"ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ევრობასკეტის შესარჩევისგან განსხვავდება. ერთადერთი ისაა, რომ აქ ორი საკვალიფიკაციო ეტაპია. ჯერ ერთი უნდა გაიარო, შემდეგ - მეორე. თითოეულ ამ შესარჩევს სპრინტს ვუწოდებ. არ გაქვს შეცდომის უფლება. თითოეულ საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 თამაში იქნება და ვალდებული ხარ, ყოველ მატჩში მაქსიმალურად დაიხარჯო. 

უკრაინას დიდი ხანია მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. მიზანი ერთია - ჩემპიონატის შესარჩევის გავლა და ეს რომელი პოზიციით მოხდება, სულერთია. ყველას მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა. 

ახლა ყველა ფიქრი საქართველოსკენაა. ერთ დროს იქ ვმუშაობდი. ამბობენ, რომ ვიღაც იქნება, ვიღაც - არა. მე არავის ვუსმენ. მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როდესაც თამაშის წინ კალათბურთელებს შევხედავ. შერმადინთან და შენგელიასთან ერთად საქართველოს ნაკრები სხვა გუნდია, თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გარეშე - სულ სხვა. ვცდილობთ, მოვემზადოთ როგორც მათ წინააღმდეგ, ისე მათ გარეშე გუნდთან თამაშისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია ოთხ გუნდურ ვარჯიშზე.

როგორც წესი, მწვრთნელები ამბობენ ხოლმე, რომ შუა სეზონში მოსამზადებლად დრო არ ყოფნით. ჩვენ კი ახლა ერთბაშად 4 ვარჯიში გვაქვს (ეღიმება). ვმუშაობთ შეტევაზე. მთელი აქცენტი საქართველოზე გვაქვს გატანილი", - თქვა 54 წლის ლატვიელმა სპეციალისტმა, რომელიც საქართველოში 2011 წელს, კლუბ სოხუმში მუშაობდა.

უკრაინის ნაკრებმა თბილისში გამომგზავრების წინ ფოტოსესია გამართა

საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე G ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი ჰყავს. ზუროსის გუნდი უკრაინასთან მატჩის შემდეგ, გასვლაზე ესპანეთს შეხვდება - 29 ნოემბერს.

კომენტარები

ბოლო ამბები