Thumbnail

სასამართლომ ბენზემა დამნაშავედ ცნო - ქარიმი გასაჩივრებას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვერსალის სასამართლომ მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე განაჩენი გამოიტანა
  • 33 წლის ფორვარდს ერთწლიანი პირობით მსჯავრი და ჯარიმა განუსაზღვრეს  

მადრიდის რეალის თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა, საფრანგეთის ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელის, ამჟამად ოლიმპიაკოსში მოთამაშე მატიე ვალბუენას შანტაჟის მცდელობის საქმეში დამნაშავედ ცნეს. 

ფრანგული მედიის ცნობით, ვერსალის სასამართლომ ბენზემას ერთლიანი პირობით მსჯავრი განუსაზღვრა და 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ფეხბურთელის ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ქარიმი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

საქმე  2015 წელს, ვალბუენას შანტაჟის მცდელობას ეხება და მასში ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერი ფიგურირებს. გამოძიების ვერსიით, ბენზემა მოქმედებდა, როგორც შუამავალი და ვალბუენას შანტაჟისტებისთვის თანხის გადახდისკენ უბიძგებდა. მოსამართლის აზრით, მაშინ ქარიმი ვერ აცნობიერებდა თავისი ქმედების დანაშაულებრივ მხარეს. 

მატიე და ქარიმი ერთ დროს ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ

სკანდალის გამო, ქარიმ ბენზემა და მატიე ვალბუენა საფრანგეთის ნაკრებს ჩამოაშორეს და ფეხბურთელებს ევრო 2016-ზე არ უთამაშიათ. მას შემდეგ ქარიმი ეროვნულ გუნდში 2021 წლამდე აღარ მიუწვევიათ და ის მხოლოდ ევრო 2020-ის წინ, დიდიე დეშამმა დააბრუნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები