Thumbnail

ტოჩინოშინის მე-4 მოგება - ელიტაში დარჩენამდე ერთი ნაბიჯია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა კიუშუ ბაშოზე ზედიზედ 2 შეხვედრაში პირველად იმარჯვა
  • საშემოდგომო სუპერტურნირზე 34 წლის ტოჩინოშინის ბალანსი 4 მოგება და 7 მარცხია

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტუნირზე ზედიზედ 2 ორთაბრძოლა პირველად მოიგო და ჯერაც ინარჩუნებს შანსს შეჯიბრი დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დაასრულოს.

დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დღეს დასავლეთისვე მე-7 მაეგაშირა ჩიიოშომას გაეჯიბრა და საერთო ჯამში, იოლად დაამარცხა. ქართველი სეკიტორი სასტარტო შეჯახებას განერიდა, გვერდზე გადგმული ნაბიჯის წყალობით კი, გარკვეული უპირატესობა მიიღო, 41 კგ-ით მსუბუქი მონღოლის მავაში ხელთ იგდო და იორიკირის განხორციელება არ გასჭირვებია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუმოისტმა კიუშუ ბაშოს 4 სასტარტო დღე ტრავმის გამო გამოტოვა და მართალია, მას მერე 4 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა, მაინც გაცილებით ახლოსაა უარყოფით ბალანსთან (მაკე-კოში).

ტოჩინოშინს ჯამში 7 წაგება გააჩნია და იმისთვის, რომ საშემოდგომო სუპერტურნირის თავზე სარეიტინგო წინსვლა ჰქონდეს, დარჩენილი 4-ვე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. არის უფრო მნიშვნელოვანი მიზანიც: მინიმუმ 5 გამარჯვების დაფიქსირების შემთხვევაში, გორგაძე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს, საწინააღმდეგო ვარიანტში კი, ჯურიოში დაქვეითდება.

უკვე ცნობილია, რომ კიუშუ ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ დასავლეთის მე-16 მაეგაშირა სადანოუმი დადგება. ქართველი სეკიტორი 34 წლის იაპონელს კარიერაში 8-ჯერ შეხვედრია და მცირე უპირატესობა აქვს: 5 მოგება, 3 მარცხი. სადანოუმის კაჩი-კოშიმდე 1 გამარჯვება აშორებს და ცხადია, რომ ლევანთან ბრძოლის დროს მაქსიმალურად მობილიზებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები