Thumbnail

'არ მიკვირს' - ტიბო კურტუა The Best-ის ნომინანტთა შორის ვერმოხვედრაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მადრიდის რეალისა და ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუა ფიფას წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე ხუთ ნომინანტს შორის ვერ მოხვდა. 29 წლის გოლკიპერი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი ფიფას მიმართ მისი კრიტიკული გამონათქვამებია. 

"ეს სიტუაცია არ მიკვირს. ალბათ, ეს წინა თვეში ჩემი ზოგიერთი გამონათქვამის გამო მოხდა. დარწმუნებით მხოლოდ ის ვიცი, რომ მსურს ჩემს კლუბს დავეხმარო და ესაა მთავარი. ამ თემაზე კი საუბარი აღარ მინდა. არ ვიცი, გადაწყვეტილებას ვინ იღებს. სიაში ბრწყინვალე მეკარეები არიან, ჯილდოს კი საუკეთესო მიიღებს", - აქვეყნებს კურტუას სიტყვებს ესპანური მედია. 

ბელგიელმა მეკარემ ფიფა და უეფა არაერთხელ გააკრიტიკა. ტიბოს თქმით, ეს ორგანიზაციები ტურნირებისა და მატჩების რაოდენობას ისე ზრდიან, საერთოდ არ ფიქრობენ ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

2021 წლის The Best FIFA Football Awards-ის ნომინანტების სია ახლახან გამოცხადდა. საუკეთესო მეკარის პრიზისთვის ალისონ ბეკერი (ლივერპული, ბრაზილიის ნაკრები), ედუარდ მენდი (ჩელსი, სენეგალის ნაკრები), კასპერ შმეიხელი (ლესტერი, დანიის ნაკრები), მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანიის ნაკრები) და ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალიის ნაკრები) მოხვდნენ. პრემიის მფლობელთა ვინაობას გამოკითხვა გამოავლენს, რომელიც 10 დეკემბრამდე გასტანს, გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი კი გაისად 17 იანვარს დასახელდება.

ტიბო კურტუამ მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალის ღირსება ყველა ტურნირის 17 მატჩში დაიცვა და ამდენივე გოლი გაუშვა. ბელგიელმა კარის მშრალად შენახვა 5 შეხვედრაში შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები