Thumbnail
  • გრანდ რაპიდსი 96:94 მოტორ სიტი | ბეჟანიშვილი: 22 ქულა, 9 მოხსნა
  • 23 წლის ქართველ კალათბურთელმა 16 ქულა მე-2 ტაიმში მოაგროვა

23 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელსაც ავსტრიული პასპორტი გააჩნია, NBA-ს განვითარების ლიგაში (G League) საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

გიორგი ბეჟანიშვილმა ბოლო მეოთხედში 10 ქულა ჩააგდო

ბეჟანიშვილის გრანდ რაპიდს გოლდმა (დენვერ ნაგეთსის სარეზერვო გუნდი) მოტორ სიტი კრუიზთან 96:94 მოიგო, ქართველმა ლეგიონერმა კი 22 ქულა მოაგროვა და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო (NBA გამოვლილმა ლანს სტივენსონმა და ნიკ სტაუსკასმა, შესაბამისად, 15 და 12 ქულა ჩააგდეს).

გიორგი ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 33 წუთში 15-დან 10 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა. გიორგის მონაგარი 9 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც იყო, ამდენად, ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ქართველ კალათბურთელს პასივში 4 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

საინტერესოა, რომ ბეჟანიშვილმა თავი გუნდისთვის ყველაზე საჭირო დროს გამოიჩინა. გიორგიმ მე-2 ტაიმში 16 ქულა ჩააგდო, დასკვნით მეოთხედში კი 10 ქულა ჰქონდა. ეს საუკეთესო თამაშია ქართველი ცენტრისთვის მას მერე, რაც გოლდენ რაპიდსში ჩაირიცხა.

ბეჟანიშვილის გუნდმა 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და G League-ს ცენტრალურ დივიზიონში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი იმავე მოტორ სიტისთან 24 ნოემბერს ჩაატარებს. ცნობისთვის, აღნიშნულ დივიზიონს მაქსიმალური შედეგით (5 გამარჯვება) სანდრო მამუკელაშვილის ვისკონსინ ჰერდი ლიდერობს, რომელსაც 29 ნოემბერს ვინდი სიტი ბულსთან მატჩი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები