Thumbnail
  • ძალიან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
  • მისი აზრით, გოლდენ სტეიტს ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია

გოლდენ სტეიტს NBA-ს მიმდინარე სეზონში მთელი ლიგის მასშტაბით საუკეთესო ბალანსი აქვს (15-2), ახლა კი უორიორსის გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს: კლეი ტომპსონმა მორიგი სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამშაბათიდან გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

კლეისთვის ეს პირველი სრულყოფილი ვარჯიშია გუნდთან ერთად იმ უმძიმესი ტრავმის შემდეგ, რომელიც 2019 წლის ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში მიიღო. 

“ძალიან შთამბეჭდავი დღე იყო, - თქვა ვარჯიშის შემდეგ 31 წლის კალათბურთელმა, - ბოლოს ბოლოს ვარჯიში და კალათბურთის თამაში განვაახლე. მოსაწყენი დრო წარსულს ჩაბარდა, ახლა მთავარია, რომ ფორმაში შევიდე. პირველ რიგში მადლობელი ვარ, რომ თამაში ისევ შემიძლია.”

ჯერჯერობით რთული სათქმელია, ზუსტად როდის ითამაშებს ტომპსონი NBA-ში. ბოლო დღეებში ამერიკული მედია წერდა, რომ ეს შობამდე მოხდება, თუმცა გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი არ ჩქარობს: “კონკრეტული თარიღი არ გვაქვს. ერთ-ორ კვირაში ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არ უნდა ვიჩქაროთ, კლეის დრო უნდა მივცეთ.”

თავად ტომპსონმაც განაცხადა, რომ მიუხედავად უდიდესი სიხარულისა, არ იჩქარებს: “არ მინდა ისე დავბრუნდე, რომ საკუთარი თავის აჩრდილი ვიყო, - დასძინა სამგზის ჩემპიონმა, - ისეთი უნდა დავბრუნდე, როგორიც ბოლოს ვიყავი - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი.”

'ჩვენი დაცვაც და შეტევაც ერთ-ერთი საუკეთესოა. თანაც, მე ხომ ჯერ არ ვთამაშობ. იფიქრეთ ამაზე!'

თავის ბოლო სეზონში (2018/2019) კლეი საშუალოდ მატჩში 21,5 ქულას აგროვებდა და მეხუთედ იყო ოლ სტარში. იმ სეზონში გოლდენ სტეიტი ზედიზედ მეხუთედ გავიდა NBA-ს სუპერფინალში და იქ ტორონტო რეპტორსთან დამარცხდა.

კლეი ფიქრობს, რომ ამ სეზონში უორიორსს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია: ახლა 15 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი გვაქვს. ეს კარგი ინდიკატორია, ჩვენი დაცვაც და შეტევაც ერთ-ერთი საუკეთესოა. თანაც, მე ხომ ჯერ არ ვთამაშობ. იფიქრეთ ამაზე! ისეთი მოტივირებული ვარ, როგორც არასდროს. აუცილებლად ჩემპიონობა მინდა.”

კომენტარები

ბოლო ამბები