Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 106:100 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლეიკერსს თავიდან “ეძინა”, მერე დაბრუნდა, მაგრამ მაინც დამარცხდა

რასელ ვესტბრუკმა მთელი პირველი ტაიმი ჩააგდო (5 დაკარგვა ჰქონდა და 5 სროლიდან მხოლოდ ერთი მოათავსა კალათში), მაგრამ სწორედ ვესტბრუკი გახლდათ ის კაცი, ვინც ლეიკერსი მეორე ტაიმში თამაშში დააბრუნა და 25-ქულიანი ჩამორჩენა ამოაქაჩვინა.

სწორედ ვესტბრუკმა აიღო პასუხისმგებლობა დეტროიტის ცენტრ აიზეია სტიუარტთან ჩხუბის გამო დისკვალიფიცირებული ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში. რასმა თავისი 31 ქულიდან (10/18 ჯამში, 3/6 სამქულიანი) 18 მესამე მეოთხედში ჩააგდო და მძლავრი სამმაგი დუბლიც შეასრულა - პლუს 13 მოხსნა და 10 პასი.

“ყველაფერი ძალიან მარტივია: საკმარისად მაგრად არ ვითამაშეთ,” - თქვა ვესტბრუკმა თამაშის შემდეგ.

ნიუ იორკიდან საუკეთესო ევან ფურნიე გახლდათ - 26 ქულით (6/9 სამქულიანი). ჯულიუს რენდლმა 20 ქულასთან ერთად 16 მოხსნაც დააგროვა. კემბა უოკერი 6 ქულით (2/6) და 5 პასით სუსტად გამოიყურებოდა. სამაგიეროდ, რეზერვისტები გამოირჩნენ: ობი ტოპინმა და ალეკ ბიორკსმა 12-12 ქულა მიითვალეს. იმანუელ კუიკლიმ 14 ქულა ჩააგდო და 8-დან 4 ზუსტი სამქულიანი ჰქონდა. მან რენდლის ქებაც დაიმსახურა: “მას არაფრის ეშინია!”

ენტონი დევისის თამაში გრიპის სიმპტომების გამო დიდხანს იყო საეჭვო, ბოლოს კი მაინც ითამაშა და მხოლოდ 20 ქულა დააგროვა (7/17). თავს კარგად რომ არ გრძნობდა, ეს განსაკუთრებით საჯარიმოების დროს გამოჩნდა - 11-დან 5 ჩააგდო.

კარმელო ენტონის მოედანზე პირველად გამოჩენისას ნიუიორკელმა ფანებმა ოვაციები მიუძღვნეს - მის ანგარიშზე 12 ქულაა (3/14), ბოლოს კი ორი კარგი სამიანი ვერ ჩააგდო. თუმცა ლეიკერსიდან ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჰორტონ-ტაკერი გახლდათ, რომელმაც თითქმის 29 წუთი ითამაშა და ქულების გრაფაში 0 უწერია (0/8).

ლეიკერსს ბოლო 5 თამაშიდან 4 წაგებული აქვს. ხვალ, გამთენიისას, ლოსანჯელესელებს Back-to-Back-ის მეორე თამაში ელით - სტუმრად, გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსთან. ამ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსი ისევ ითამაშებს...

კომენტარები

ბოლო ამბები