Thumbnail

'მიუნხენში მოგება უნდა ვცადოთ' - რა თქვა ჩავიმ ბენფიკასთან 0:0-ის შემდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ბენფიკას ვერ მოუგო და ბოლო ტურის წინ რთულ მდგომარეობაშია. 8 დეკემბერს ბარსა ბაიერნს ესტუმრება და მიუნხენელებს შეუძლიათ, კატალონიური გრანდი პლეი ოფს მიღმა დატოვონ. ბენფიკა ბოლო ტურში უკვე გავარდნილ დინამო კიევს მასპინძლობს.

კრიზისულ კატალონიურ გრანდში ჩავის პირველი საჩემპიონთალიგო მატჩი წარუმატებელი გამოდგა. ესპანელმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს არ გაუმართლა, თორემ ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს.

"სამი ქულა გვინდოდა. გაბრაზებული არ ვარ, რადგან მოთამაშეებმა ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. მათ გეგმა ზუსტად შეასრულეს, მაგრამ ვერ მოვიგეთ, არ გაგვიმართლა. შანსი ისევ გვაქვს, მიუნხენში მოგება უნდა ვცადოთ. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადებით და მოსაგებად ვიბრძოლებთ. მადლობა ქომაგებს, რომლებმაც ჩვენგან კარგი მატჩი იხილეს. ვერ გავიტანეთ და ეს ძალიან სამწუხაროა. ფანები ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ჩავიმ.

ბარსელონას 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. ბაიერნი E ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს. ბენფიკა 5 ქულით მესამეა და ბოლო ტურში უმოტივაციო კიევის დინამოს 'და ლუჟზე' უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები