Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ჩელსიმ ტურინის იუვენტუსს დიდი ანგარიშით, 4:0 მოუგო და თუ ბოლო ტურში მასზე ნაკლებ ქულას არ აიღებს, ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებს. ამასთან, თომას ტუხელის გუნდმა ამ მოგებით ოფიციალურად გაინაღდა პლეი ოფის საგზური.

იუვენტუსის კატასტროფულ მატჩს ტურინული გრანდის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო და ლეგენდარული მწვრთნელი ფაბიო კაპელო გამოეხმაურნენ. დელ პიერომ აღნიშნა, რომ ეს კლუბისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

ალესანდრო დელ პიერო: "იუვენტუსისთვის ცუდი საღამო იყო. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და დიდი დარტყმა. ჩელსი მატჩის დაწყებიდან დასრულებამდე იმას აკეთებდა, რაც სურდა. ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც იუვენტუსზე უკეთ იყვნენ მომზადებულნი."

ფაბიო კაპელო: "ვფიქრობ, რომ ეს იყო გაკვეთილი, კარგი საფეხბურთო გაკვეთილი. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ თამაშობს ლივერპული. ვნახეთ ჩელსი, რომელიც მაღალ ტემპში თამაშობს ფეხბურთს. ორივე გუნდში გერმანელი მწვრთნელები მუშაობენ და მათგან ბევრი უნდა ვისწავლოთ. იტალიაში ასეთი ფეხბურთი არ არსებობს და თუ დროზე არ შევცვლით სტილს, ასეთ კლუბებთან ყოველთვის გაგვიჭირდება."

ჩელსი ბოლო ტურში ზენიტთან სტუმრად ითამაშებს, ხოლო იუვენტუსი მალმიოს უმასპინძლებს. მალმიომ ამ ტურში ზენიტთან ფრედ 1:1 ითამაშა და რუსებმა ევროპალიგის საგზური გაინაღდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები