Thumbnail
  • კოლეჯთა ლიგაში 5 ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა
  • საბა გიგიბერიამ და ნიკა მეცხვარიშვილმა თავი გამოიჩინეს

NCAA-ში ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს - საბა გიგიბერიას ჯორჯია ტექ-მა შინ ჩარლსტონ საუზერნი დაამარცხა - 85:70. ეს ჯორჯიელთა ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა. 216 სმ. სიმაღლის ქართველმა ცენტრმა 12:33 წუთი ითამაშა. მან 6 ქულა ჩააგდო, 3-3 მოხსნა და პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. საბას ამ სეზონში საუკეთესო თამაში ჰქონდა. 26 ნოემბერს ჯორჯია ტექ-ი ჯორჯია საუზერნს ეთამაშება. 


რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონმა სეზონში პირველი მარცხის შემდეგ კვლავ (მეხუთედ) მოიგო - დაძაბულ ბრძოლაში საუზერნ ილინოისი 66:64 დაამარცხა, ქართველ გამთამაშებელს ამჯერად, არ უთამაშია. 27 ნოემბერს კრეიტონი ედვარდსვილს მასპინძლობს.

ლუიზიანა-მონრო. ნიკა მეცხვარიშვილი ნომერი 4

ნიკა მეცხვარიშვილის ლუიზიანა-მონრომ ნორზვესტერნ სტეიტს 96:66 მოუგო. მეცხვარიშვილმა 18 წუთში 15 ქულა (1 სამქულიანი), 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქულებით ის ორ გუნდელთან ერთად საუკეთესო იყო მატჩში. ამ გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ახლა 2-2 ბალანსი აქვს. ლუიზიანა-მონრო 24 ნოემბერს ლუიზიანა ტექ-ს ხვდება. 

ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნთმა 17-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და SMU ჯექსონვილის კლასიკურ დაპირისპირებაში 76:70 დაამარცხა. მერკვილაძემ 12 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მოასწრო. 27 ნოემბერს ლოიოლა A&M უნივერსიტეტს ხვდება. გუნდს 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. 

ზურაბ ჟღენტის ნორზვესტერნ სტეიტ დემონსმა მონროსთან 66:96 წააგო. ქართველმა კალათბურთელმა 10 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. დემონსს 1-5 ბალანსი აქვს და 28 ნოემბერს ოსტინს ეთამაშება. 

შეგახსენებთ, რომ კოლეჯთა ლიგის ელიტაში, პირველ დივიზიონში სულ 7 ქართველი კალათბურთელი თამაშობს - ამ ხუთეულის გარდა, ცოტნე ცარციძე (ნორზ დაკოდა) და ვილი ისიანი (დეტროიტ მერსი).

კომენტარები

ბოლო ამბები