Thumbnail
  • საქართველო 1:0 მალტა
  • საქართველოს ნაკრებმა წელს მესამე მატჩი ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია
  • ვლადიმირ ვაისმა პირობა შეასრულა

სფფ-ის პრესსამსახურის ფოტოები

1-ელ ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მალტის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს პენალტით გურამ კაშიამ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მესამე შეხვედრა ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია - ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა დაპირება შეასრულა

ვლადიმირ ვაისმა ქალაქ შვაცში, "სილბეშტარდტ არენაზე" საკმაოდ გადახალისებული 11-ეული გამოიყვანა, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნულ ლიგაში მოთამაშე 4 ფეხბურთელი იყო.

ვაისმა მალტას ეროვნული ლიგის 4 ფეხბურთელი დაუპირისპირა

მიუხედავად ამისა, შეხვედრა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა, პირველი რეალური სახიფათო მომენტი კი უკვე მე-10 წუთზე, ვაკო გვილიას გადაცემის შემდეგ, საბა ლობჟანიძის დარტყმას მოყვა. მალტელთა მეკარემ ბურთზე რეაგირება შეძლო. 

კიდევ უფრო კარგი შანსი დანიური რანდერსის ფეხბურთელს მე-19 წუთზე, სტანდარტიდან გვილიას ჩაწოდების შემდეგ ჰქონდა, მაგრამ საბას თავურის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზზე დაეცა.

მალტელები როინ კვასხვაძის შეწუხებას ძალზე იშვიათად, ისიც მხოლოდ სტანდარტის შემდეგ თუ ახერხებდნენ, აი, მათ მეკარე ჰენრი ბონელოს კი კარის გადარჩენა 39-ე წუთზე ზედიზედ ორჯერ მოუხდა. მარჯვენა ფრთიდან ლევან გეგეჭკორის ჩაწოდების შემდეგ ჯერ ვახტანგ ჭანტურიშვილი ურტყამდა სახიფათოდ, შემდეგ - ბუდუ ზივზივაძე.

მალტასთან გოლის გატანის შანსი ბუდუ ზივზივაძესაც ჰქონდა

დიდი უპირატესობისა და 3-4 საგოლე მომენტის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა არცთუ მაღალ ტემპში ჩატარებულ პირველი 45 წუთში გატანა მაინც ვერ შეძლო და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ კი მალევე კაცნაკლულნი დავრჩით. 49-ე წუთზე ფეხბურთელები წაკინკლავდნენ, საბა კვირკველიას გამოქომაგება კი ვაკო გვილიამ გადაწყვიტა, რომელიც არბიტრმა ყვითელი ბარათით დასაჯა. აქედან 4 წუთში უკვე ვაკო ვარდნით შეეცადა მეტოქის შეჩერებას, რისთვისაც მეორე ყვითელი, შესაბამისად წითელი დაიმსახურა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩენილმა მალტელებმა უფრო თამამად დაიწყეს თამაში, 58-ე წუთზე კი კვლავაც სტანდარტის შემდეგ მომენტიც შეიქმნეს. როინ კვასხვაძემ სწორად შერჩეული პოზიციის წყალობით, კარის გადარჩენა მოახერხა.

ვლადიმირ ვაისმა ცვლილებები მხოლოდ ბოლო 20 წუთში განახორციელა - მოედანზე გიორგი ბერიძე, დავით ხოჭოლავა, ნიკა კაჭარავა და გიორგი ხარაიშვილი გავიდნენ. საქართველოს ნაკრები თითქოს გააქტიურდა, მაგრამ მთლიანი სურათი მაინც ვერ შეიცვალა - მალტელები არ რისკავდნენ, ქართველი ფეხბურთელები კი თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ. ამას დაემატა ამინდის გაუარესებაც.

ვლადიმირ ვაისს წელს 100%-იანი შედეგი აქვს

შეხვედრის მიწურულს როინ კვასხვაძემ მეორედ გადაგვარჩინა - კვერკველიას შეცდომის შემდეგ, მალტელმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების მეკარეს ვერ აჯობა.

ყველაფერი თითქოს უგოლო ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ ვლადიმირ ვაისის გუნდმა გამარჯვება ბოლოსწინა წუთზე მაინც მოიპოვა. 89-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ნიკა კაჭარავასთან "კედელი" გაითამაშა და საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მალტელმა მცველებმა წესების დარღვევით შეაჩერეს. 11-მეტრიანი გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ უნაკლოდ შეასრულა - 1:0.

გურამ კაშიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 63-ე მატჩში მეორე გოლი გაიტანა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა წელს ჩატარებული სამი ამხანაგური მატჩიდან სამივე ისე მოიგო, კარის "მშრალად" შენახვა მოახერხა - მანამდე თბილისში ლიტვასა (4:0) და ესტონეთს (2:0) სძლია. ვაისის გუნდი, რომელიც უეფას ერთა ლიგისთვის ემზადება, მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 5 ივნისს, სტუმრად ლუქსემბურთან ჩაატარებს. 

► ვლადიმირ ვაისი: კიტეიშვილმა გამახარა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა 

► გურამ კაშია: უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა

საქართველო 1:0 მალტა 

გოლი: გურამ კაშია (89, პენ).

გაძევება: ვაკო გვილია (513).

საქართველოს ნაკრები: როინ კვასხვაძე, ლევან გეგეჭკორი (68, დავით ხოჭოლავა), საბა კვერკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია (78, გიორგი ნავალოვსკი), ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი (90, ლაშა შერგელაშვილი), საბა ლობჟანიძე (გიორგი ბერიძე), ვახტანგ ჭანტურიშვილი (71, გიორგი ხარაიშვილი), ბუდუ ზივზივაძე (71, ნიკა კაჭარავა). 

სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, ლევან ხარაბაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები