Thumbnail
  • 📅 24 ნოემბერი | ⌚ 18:00 | ⚽ საბურთალო V დინამო ბათუმი
  • დავით ყიფიანის თასის ფინალში გასვლა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშველოვანია
  • დინამო ბათუმს ისტორიული დუბლის შესრულების შანსი აქვს
  • საბურთალოს თასიდან ევროტურნირზე მოხვედრა შეუძლია 
  • ყველაფერი მომავალი დაპირისპირების შესახებ

24 ნოემბერი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩების დღეა - ფინალში გასასვლელად, დინამო ბათუმი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე საბურთალოს ეთამაშება (18:00), მეორე ნახევარფინალში კი, ქობულეთის შუქურა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებს (13:00).

საბურთალოს და დინამო ბათუმის მატჩი გაცილებით დიდ ინტერესს იწვევს - ეს ორივე გუნდისთვის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია. თბილისელების მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა და ეროვნული ლიგის ცხრილში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (მე-5 ადგილზე არიან), თასის ფინალში გასვლას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ბათუმელებს კი ისტორიაში პირველად, დუბლის შესრულების შანსი აქვთ - ისინი ჩემპიონობასთანაც ძალიან ახლოს არიან, თასის მოგებას კი ორ მატჩში გამარჯვება აშორებთ.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს თასი ორივე გუნდს აქვს მოგებული. დინამო ბათუმმა ეს 1998 წელს გააკეთა, საბურთალომ კი - 2019 წელს. ისიც უნდა ითქვას, რომ ბათუმელებმა საქართველოს თასი ორჯერ (1947 და 1958 წლებში) საბჭოთა კავშირის პერიოდშიც მოიგეს.

საბურთალო და დინამო ბათუმი ერთმანეთს 21-ჯერ შეხვედრიან - აქედან 7-ჯერ საბურთალომ გაიმარჯვა, 9-ჯერ დინამო ბათუმმა, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა. 21 დაპირისპირებიდან თასზე გუნდები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ - 2019 წლის 16 აპრილს საბურთალომ დინამო ბათუმს საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია.

თბილისელები საქართველოს თასზე ბოლო სეზონებში კარგად თამაშობენ - 2019 წელს გაიმარჯვეს, შარშან 1/2-ფინალში გაგრასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ, წელს კი ისევ ნახევარფინალში არიან. ამ გზაზე საბურთალომ მესამელიგელი სპაერი, გორის დილა და ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე საგარეჯოს გარეჯი დაამარცხა.

ბათუმელებს ბოლო წლების პროგრესის ფონზეც კი თასის გათამაშებაში არ უმართლებდათ. დინამო ბათუმმა საქართველოს თასზე 2014 წლის შემდეგ მატჩი პირველად წელს მოიგო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ნახევარფინალამდე რუსთავი, ჩიხურა და თბილისის ლოკომოტივი დაამარცხეს.

დინამო ბათუმს ისტორიული დუბლის შესრულების შანსი აქვს

გუნდები წელს ეროვნულ ლიგაში ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. თბილისში გამართული 2-ვე მატჩი ფრედ (0:0; 1:1) დასრულდა, ბათუმში კი დინამომ ორივე მოიგო (4:1; 4:0). აღსანიშნავია, რომ ბათუმში განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ საბურთალო მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა შუბითიძემ დატოვა და გუნდში ლევან კორღალიძე დაბრუნდა. საკადრო პრობლემები არცერთ გუნდს არ აქვს - ყველა ჯანმრთელადაა და ბრძოლისთვის ემზადება.

ლევან კაკუბავა (საბურთალოს კაპიტანი): "ეს მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გვსურს ფინალში გავიდეთ და ევროტურნირებზე მოსახვედრად შანსი დავიტოვოთ. სირთულიდან გამომდინარე, ფინალის ტოლფასი თამაშია და ფეხბურთელებმა საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ, შევძლოთ და დინამო ბათუმი დავამარცხოთ. მათთან ბოლოს განცდილი მარცხის გამო რევანშიც გვაქვს ასაღები. თასზე აქამდეც გამიმარჯვია, მაგრამ ამ ეტაპზე კაპიტნის როლში პირველად ვარ და წლის ტიტულით დასრულება ორმაგად მინდა."

თორნიკე გაფრინდაშვილი (დინამო ბათუმი): "მოგეხსენებათ, როგორც ჩემპიონატის, ისე თასის მოსაგებად ვიბრძვით. ჩვენთვის ორივე ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. საბურთალო ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით და თასის ფინალში გასვლას ვეცდებით."

შაბათს, დინამო ბათუმმა თელავი გაფრინდაშვილის დუბლით დაამარცხა

საინტერესო ფაქტები

საბურთალომ არსებობის მანძილზე საქართველოს თასის ფინალში გასვლა ერთხელ, 2019 წელს მოახერხა და გათამაშება მოიგო.

დინამო ბათუმმა საქართველოს თასის ფინალში 5-ჯერ ითამაშა - 4-ჯერ დინამო თბილისთან დამარცხდა და ერთხელ ასევე დინამო თბილისს სძლია.

საბურთალო დინამო ბათუმის დამარცხებას ზედიზედ 9 მატჩია ვერ ახერხებს - 4 ფრე და 5 წაგება.

საქართველოს თასის მიმდინარე სეზონში გამართული 3 მატჩიდან ორივე გუნდის შეხვედრაში 2,5 გოლზე მეტი 2-შემთხვევაში გავიდა.

გუნდებს შორის თბილისში გამართულ უკანასკნელ 6 შეხვედრაში 2,5 გოლზე ნაკლები გავიდა.

ლევან კორღალიძის მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ საბურთალომ 2 მატჩი გამართა და ჯერ თამაში არ მოუგია - მარცხი თელავთან და ფრე დილასთან.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა საქართველოს თასის ფინალში ერთხელ ითამაშა - ეს 2015 წელს, თბილისის დინამომ მოახერხა და ტურნირიც მოიგო.

საბურთალოს მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძის გაწვრთნილ გუნდსაც ფინალში ერთხელ უთამაშია - ეს 2019 წელს თბილისი ლოკომოტივმა მოახერხა და კორღალიძის ამჟამინდელ კლუბთან დამარცხდა.

საბურთალოს რიგებში მხოლოდ 1 ფეხბურთელია (ოთო გოშაძე), რომელიც დინამო ბათუმის წევრი ყოფილა. ბათუმელთა ამჟამინდელი გუნდიდან კი 7 ფეხბურთელს საბურთალოში უთამაშია.

⚽ გუნდების ფეხბურთელებს შორის საქართველოს თასი ყველაზე მეტჯერ ლევან კაკუბავას აქვს მოგებული (3 ტიტული).

⚽ თასის მიმდინარე სეზონში დინამო ბათუმმა სამივე გამარჯვება გასვლით შეხვედრებში მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები