Thumbnail

ვოლოდიმირ გერუნი: მთავარი საფრთხე შერმადინისგან და შენგელიასგან მოდის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვოლოდიმირ გერუნმა საქართველოსთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ საფრთხეს გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიასგან ელის.

“ნაკრებში ჩინებული ატმოსფეროა შექმნილი. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს თებერვალის ფანჯრის მერე არც დავშლილვართ. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ორ მატჩს კარგად ჩავატარებთ. პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებთან გვაქვს და მაგრად უნდა მოვემზადოთ. მთელი გუნდის შესწავლაა საჭირო, თუმცა, ცხადია, რომ ძირითად პრობლემებს გიორგი შერმადინისგანა და თორნიკე შენგელიასგან უნდა ველოდეთ. მოედანზე უნდა გავიდეთ და აგრესიულად ვიმოქმედოთ. მათ წინააღმდეგ თავი როგორ უნდა დავიცვათ, ამას უკვე მწვრთნელი გვეტყვის უშუალოდ თამაშის წინ. ბევრი რამ ჩვენს განწყობაზეც იქნება დამოკიდებული”.

ვოლოდიმირ გერუნისა და გიორგი შერმადინის ორთაბრძოლა

27 წლის გერუნი ცენტრის პოზიციაზე თამაშობს და კარიერას დნიპროში იწყებდა, ამერიკულ კოლეჯებში თამაშიც მოასწრო, შემდეგ კი, 9-წლიანი პერიოდი გაატარა ესპანეთში: ფუენლაბრადაში, ლეიდაში, კლავიხოში, ბარსელონას B გუნდში, ბრეოგანსა და უნიკახაში. ამჟამად, ვოლოდიმირი თურქული ბუიუკჩეკმეჩეს ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები თბილისს 25 ნოემბერს ეწვევა, საქართველოსთან მატჩი კი 26-შია დანიშნული. ამავე საკვალიფიკაციო ფანჯრის ეგიდით, ქართველი 29 ნოემბერს, კალათბურთელები ესპანეთს ეტუმრებიან, უკრაინა კი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდება. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები