- პოზიციების მიხედვით 10-10 საუკეთესო კალათბურთელში 2 ქართველი მოხვდა
- ფიბამ გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე დაახასიათა
- 'დრო გადის, ის კი უკეთესი ხდება' - შერმადინი ესპანეთში ტურის მოთამაშედ აღიარეს
ფიბამ თითოეულ პოზიციაზე 10-10 გამორჩეული კალათბურთელი დააასახელა, რომელთაც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების 2 წევრიცაა: ცენტრებს შორის გიორგი შერმადინი, ხოლო მძიმე ფორვარდებში – ბექა ბურჯანაძე.
“2.17 მეტრი სიმაღლის ცენტრის თმებში შერეული ჭაღარა იმაზე მეტყველებს, რა სტრესის ქვეშ უწევთ კალათბურთელებს თამაში, რათა გუნდებს გამარჯვებისკენ გაუძღვნენ. მწვრთნელებმა კარგად იციან, რომ თუკი ბურთს გიორგი შერმადინამდე ჩაიტანენ, ის დიდი ალბათობით, ჩააგდებს. 32 წლის ქართველი ცენტრი საუკეთესო ფორმაშია. ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლში შედეგიანობის მხრივ მე-6 იყო და მის თამაშს ახლაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც ეცდება, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდეს”, - წერს ფიბა შერმადინზე.
ცნობისთვის, გიორგის გარდა, საუკეთესო ცენტრებს შორის ჟუ ქი (ჩინეთი), ჯორდან ბელი (აშშ), ოლეკ ბალცეროვსკი (პოლონეთი), დენგ გეუ (უგანდა), ტიბორ პლეისი (გერმანია), ჯილსონ ბანგო (ანგოლა), ფურკან ჰალტალი (თურქეთი), მოჰამედ ალ სუვაილემი (საუდის არაბეთი) და ისმაელ ბაკო (ბელგია) მოხვდნენ.
ბექა ბურჯანაძეს კი ფიბა ასე ახასიათებს: “ბეტისის 27 წლის კალათბურთელი ყურადღებას იმით იპყრობს, რომ სამქულიანი დისტანციიდან შეტევაც კარგად ეხერხება. მაგალითად, როგორც ეს ვალენსიასთან სტუმრად მოგებულ მატჩში იყო. მაშინ ბექამ 7-დან 6 სამქულიანი გამოიყენა და ბეტისი ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა. ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო ციკლში ბურჯანაძეს ასეთი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 13.3 ქულა, 6.3 მოხსნა, 1.5 პასი”.
ბურჯანაძის გარდა, მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია გვირჩევს როდიონს კურუცს (ლატვია), მაკრამ ბენ რომდანეს (ტუნისი), კაილ ვილჯერს (კანადა), იოჰანეს ვოიგტმანს (გერმანია), მატიას კალფანის (ურუგვაი), ალექსანდრ ჩასანს (საფრანგეთი), ემანუელ ტერის (აშშ), ჯეიმს ოკელოსა (უგანდა) და აბუ გაკუს (ანგოლა) დავაკვირდეთ.
შეგახსენებთ, რომ შერმადინი და ბურჯანაძე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის სასტარტო ფანჯრის მატჩებისთვის ემზადებიან. საქართველოს ეროვნული გუნდი 26 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, 29-ში კი, ხაენში, ესპანეთს გაეჯიბრება. ჯგუფიდან, რომელშიც ჩრდილოეთ მაკედონიაც ირიცხება, შემდეგ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გავა.
კომენტარები