Thumbnail

'ამ შემოდგომით ჩაიკარგა' - ხვიჩა კვარაცხელია პირველი წრის იმედგაცრუებებში

  • რუსული მედია ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველს აკრიტიკებს
  • 20 წლის ფეხბურთელის სტატისტიკა ისეთი ვერ არის, როგორსაც ელოდნენ 

რუსეთის პრემიერლიგაში 2021/22 წლების სეზონის პირველი წრე დასრულდა და იქაურმა სპორტულმა მედიამ მისი შეჯამება დაიწყო. საიტმა football24-მ ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებმაც გასულ 15 ტურში გულშემატკივრებს იმედები ყველაზე მეტად გაუცრუეს. სამწუხაროდ, ამ სიაში ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელიც დიდი მოლოდინის მიუხედავად, ზაფხულში ევროპაში ვერ წავიდა და კარიერას რუსეთში აგრძელებს. 

კვარაცხელია ჯერჯერობით ლეონიდ სლუცკის გუნდში რჩება

"გასულ სეზონში არამხოლოდ რუბინის, მთლიანად რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ამ შემოდგომით ჩაიკარგა. ფეხბურთელის მდგომარეობა ძალიან ზუსტად ახსნა რუბინის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ.

"ჟურნალისტების მხრიდან ზედმეტად მეტი ყურადღებაა ხვიჩას მიმართ. გაუმართლებელმა ინტერესმა ფეხბურთელს ტვინი აურია. შედეგად, მას უკვე სამი თვეა არ უთამაშია", - თქვა იაროვინსკიმ. 
 
დღეს ხვიჩას პრემიერლიგაში ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი აქვს - 26 დარტყმა და მხოლოდ 1 გოლი. ეს, რა თქმა უნდა, ის შედეგი არ არის, რომელსაც უნდა აჩვენებდეს ფეხბურთელი, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის. 

ერთადერთი, რასაც კვარაცხელიამ მოახერხა, ეს დრიბლინგების სტატისტიკაში მეორე ადგილია. და ასევე, ის წარმატებით გამოიმუშავებს ჯარიმებს", - წერს საიტი. 

სამაგიეროდ, ხვიჩამ თავი სანაკრებო დონზე გამოიჩინა - დუბლი შვედეთთან (2:0) 

რუსეთის 2021/22 წლების პრემიერლიგის პირველ წრეში ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინის ღირსება 12 მატჩში დაიცვა და გოლითა და ორი საგოლე პასით გამოირჩა, 4-ჯერ კი გააფრთხილეს. მისმა გუნდმა გასულ 15 ტურში  22 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს რუბინი 28 ნოემბერს, შინ მოსკოვის დინამოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები