Thumbnail

სრული კრახი! ორლანდო მეჯიქის თამაშს მილუოკიში სხვას ვერაფერს დავარქმევთ.

მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრები დაუნდობლად გაანადგურა და პირველსავე ტაიმში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა: ბაქსმა ტაიმი 41-ქულიანი (!) უპირატესობით მოიგო (77:36).

პირველ მეოთხედში 15:0 გაქცევამ კარგად აჩვენა, რა მიმართულებით წავიდოდა ეს თამაში და ამის შემდეგ მილუოკიმ გაზიდან ფეხი აღარც აიღო. ჯრუ ჰოლიდეის ლიდერობით (18 ქულა 23 წუთში) მასპინძლებმა ძალიან სწრაფად შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება - ისე, რომ იანის ანტეტოკუნმპომ ძალების დაზოგვა შეძლო (12 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა 24 წუთში).

დომინანტური სტარტის შემდეგ, მეორე პერიოდში უპირატესობა 44 ქულამდეც კი გაიზარდა, მეორე ტაიმში კი 51-მდე. ამრიგად, მილუოკი პირველი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც თამაშში მინიმუმ 50-ქულიან უპირატესობას მიაღწია. სტარტერებთან ერთად ეს კარგად მოთამაშე რეზერვისტების დამსახურებაცაა - მაგალითად, კონოტონის (17 ქულა), ან ნვორასი (14). მოკლედ, მილუოკიმ ორლანდო (სროლების პროცენტი: 36,6) აწამა.

მოქმედ ჩემპიონს, რომლის რიგებში სანდრო მამუკელაშვილს კვლავ არ უთამაშია, 18 მატჩის შემდეგ 10 მოგება და 8 მარცხი აქვს. ბაქსი ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. ორლანდო კი 4 გამარჯვებითა და 14 მარცხით კონფერენციის აუტსაიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები