Thumbnail

ტოჩინოშინის მე-3 მოგება - ის დადებითი ბალანსის შანსს ინარჩუნებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვეტერანმა ქართველმა სუმოისტმა ბრაზილიელი კაისეი იორიკირით დაამარცხა
  • ტოჩინოშინს მაკუუჩიში დასარჩენად მინიმუმ 5 ორთაბრძოლაში გამარჯვება სჭირდება

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მე-3 გამარჯვება იზეიმა და ჯერაც ინარჩუნებს შანსს შეჯიბრი დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და დღეს მისსავით ვეტერან კაისეის შეხვდა. ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირას წოდების მქონე ბრაზილიელი დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და იორიკირის განხორციელება არ გასჭირვებია.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოს 4 სასტარტო დღე ტრავმის გამო გამოტოვა, ამდენად, მისი რეალური მაჩვენებელი 3-3 მოგება-წაგებაა, თუმცა, ცხადია, რომ ოფიციალურ ბალანსში უკვე 7 მარცხი გააჩნია. შესაბამისად, იმისთვის, რომ კაჩი-კოში გაიფორმოს, ლევანს დარჩენილი ხუთივე ორთაბრძოლის მოგება მართებს.

სხვა საქმეა, რომ გორგაძეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანი აქვს გადასაჭრელი. ქართველი სუმოისტი პარალელურად ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვისაც იბრძვის, ამისთვის კი, კიუშუ ბაშოზე მინიმუმ 5 მოგება უნდა დააფიქსიროს. ნოემბრის სუპერტურნირის მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება, რომელთანაც გორგაძეს 4-დან 3 შეხვედრა აქვს წაგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები