Thumbnail

ტოჩინოშინს მოგება გაუუქმეს - მას დადებითი ბალანსის უმცირესი შანსი აქვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშოზე მე-7 მარცხი განიცადა
  • მას მაკუუჩი დივიზიობის დატოვება ემუქრება

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე საშემოდგომოს სუპერტურნირზე კიდევ ერთი მარცხი განიცადა, თუმცა, ამჯერად, წარმატებასთან ძალიან ახლოს იყო და გამარჯვება მხოლოდ ვიდეო-გამეორებების ნახვის მერე წაართვეს.

ტოჩინოშინი, რომელიც კიუშუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მასსავით ვეტერან შოჰოძანს შეხვდა. ეს უკანასკნელი უკვე 37 წლისაა და დოჰიოზე დასავლეთის მე-17 მაეგაშირას წოდებით გავიდა.

ქართველი სუმოისტი მეტოქეზე 47 კგ-ით მძიმე გახლავთ და თითქოს ეს უპირატესობა უნდა გამოეყენებინა. ლევანმა იაპონელი მიწას მართლაც რამდენჯერმე მოსწყვიტა, დოჰიოს კიდესთანაც ჰყავდა მიყვანილი, თუმცა, ორთაბრძოლა მაინც ძალიან გაიწელა და დაახლოებით წუთსა და 20 წამს გაგრძელდა.

საბოლოოდ, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი იერიში წამოიწყო, შოჰოძანი ტავარასთან მიიყვანა და მისი გარეთ გაყვანა არ გასჭირვებია. მსაჯმა ქართველის ცურიდაში დააფიქსირა, თუმცა, გამეორებების შემდეგ გამოჩნდა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ტოჩინოშინმა ქუსლი დოჰიოს მიღმა გადადგა. უფრო სწორად, არბიტრებმა ასე ჩათვალეს, თორემ ერთმნიშვნელოვანი ეპიზოდი ნამდვილად არ ყოფილა.

ასეა თუ ისე, ლევან გორგაძემ საშემოდგომო სუპერტურნირზე უკვე მე-7 მარცხი (ტურნირის სასტარტო 4 დღე ტრავმის გამო გამოტოვა და წაგება ჩაეთვალა) მოუგროვდა და ურთულეს მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება მოახერხოს, დარჩენილი ექვსივე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სეკიტორს ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილის შენარჩუნების პრობლემაც უდგას, რისთვისაც კიუშუ ბაშოზე მინიმუმ 5 შეხვედრა უნდა მოიგოს. ტურნირის მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-117 მაეგაშირა კაისეი იქნება. ლევანი ბრაზილიელ სუმოისტს 24-ჯერ შეხვედრია და მცირე უპირატესობა აქვს – 13:11. ვთქვათ ისიც, რომ ამ დროისთვის კიუშუ ბაშოს 2 ლიდერი ჰყავს: იოკოძუნა ტერუნოფუჯი და ოძეკი ტაკაკეიშო. მათ აქტივში 9-9 მოგებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები