Thumbnail
  • ზინედინ ზიდანს ინგლისში მუშაობა არ სურს
  • ლუის ენრიკე ჭორებს ხუმრობით გამოეხმაურა
  • მანკუნიანელები სულშერის შემცვლელის ძებნას აგრძელებენ

ზინედინ ზიდანმა მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ოლე გუნარ სულშერის შეცვლას და მანკუნიანელთა მთავარ მწვრთნელად მუშაობას არ გეგმავს.

ნორვეგიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ, მის პოტენციურ შემცვლელებს შორის ფავორიტად სწორედ ფრანგი სახელდებოდა. რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ დაწერა, რომ მას კრიშტიანო რონალდოსთან მუშაობა სურდა. BBC-ის ინფორმაციით, ზიდანი იუნაიტედის ჩაბარებას არ აპირებს და ამის შესახებ კლუბის შეფებს უკვე აცნობა.

როგორც ირკვევა, ზიდანს საერთოდ არ სურს ინგლისში მუშაობა. მანჩესტერში გადასვლის წინააღმდეგია მისი მეუღლეც. ამასთან, ახლა კიდევ უფრო აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ზიდანი შეიძლება პარი სენ-ჟერმენის დამრიგებლად დაინიშნოს. საინტერესოა, რომ იუნაიტედს პსჟ-ს ამჟამინდელი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს სახელსაც უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა წინა სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ერთი წელი დასვენება სურდა.

იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა ლუის ენრიკემაც. გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ უკანასკნელის დანიშვნა კრიშტიანო რონალდოს ინიციატივა იყო. კითხვაზე, დაუკავშირდნენ თუ არა მანჩესტერიდან, 51 წლის ესპანელმა La Sexta-ს ასე უპასუხა: “რა ხდება, დღეს პირველი აპრილია?”

შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის უდიდესი ერის შემდეგ, იუნაიტედში წარმატებით მუშაობა 4-მა მწვრთნელმა სცადა, თუმცა დიდ წარმატებას ვერცერთმა მიაღწია. ესენი იყვნენ: დევიდ მოიესი, ლუის ვან გაალი, ჟოზე მოურინიო და ოლე გუნარ სულშერი. 2014 წლის აპრილიდან მაისამდე მანკუნიანელებს დროებით რაიან გიგზიც წვრთნიდა, ახლა კი ეს როლი, ასევე დროებით, მაიკლ კერიკს აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები