Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედში უკვე ოლე გუნარ სულშერიც წარსულია
  • ფერგიუსონის შემდეგ ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ გაამართლა
  • როგორი უნდა იყოს ახალი დამრიგებელი და რა მოეთხოვება მას 

2013 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონი გადადგა, მანჩესტერ იუნაიტედი ალბათ თავისი ძლიერების პიკზე იყო არა მხოლოდ როგორც გუნდი (შემადგენლობა და ტაქტიკურ-ფიზიკური მომზადება), არამედ როგორც კლუბიც (ფინანსები, ინფრასტრუქტურა). შოტლანდიელმა წასვლისას პირდაპირ განაცხადა, რომ მწვრთნელის თანამდებობას მშვიდად ტოვებდა, რადგან მის შემცვლელებს წარმატებული სერიის გასაგრძელებლად ყველაფერი ხელთ ჰქონდათ. და აი, გავიდა მთელი 8 წელი, დაიხარჯა ასეულობით მილიონი, მივიდნენ და წავიდნენ სახელოვანი მწვრთნელები და თითქმის ვერაფერი...

წარუმატებლობის მიზეზები არ ილევა. ფერგის მიერ რეკომენდებულ მოიესს გავლენა და ავტორიტეტი არ ეყო; ვან გაალს რთული ხასიათი აქვს და "აიაქსის" გარდა ყველგან უჭირს; მოურინიოს სტილი იუნაიტედისთვის შეუფერებელია; ახლახან კი ისიც გაირკვა, რომ სულშერს ცოდნა და განსწავლულობა არ ჰყოფნის. ეს, რატომღაც, მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" განადგურდა თავის ყველაზე დაუძინებელ მტერთან - ლივერპულთან, რომელსაც ფერგის იუნაიტედის ზეობის დროს ტიტული ახლოდანაც არ დაუნახავს. თუმცა, სულშერის გაშვებისათვის არც ეს აღმოჩნდა საკმარისი - ნორვეგიელის საქმე მხოლოდ უოტფორდთან განადგურების შემდეგ დაიძრა.

მოკლედ, ალბათ ყველა თანხმდება, რომ ფერგი იუნაიტედისათვის შეუცვლელი აღმოჩნდა. რომელი დიდი მწვრთნელი არ წასულა, მაგრამ ასეთი ვაკუუმი არსად გაჩენილა. მსგავსი რამ არსენალს თუ დაემართა ვენგერის წასვლის შემდეგ, მაგრამ "მეთოფეებს" მგონი იმის მეათედიც არ დაუხარჯავთ ტრანსფერებში, რაც მანჩესტერელებმა დახარჯეს ფერგის წასვლის შემდეგ. ამიტომ, იუნაიტედის ფიასკო კიდევ უფრო თვალშისაცემია.

ფერგიუსონი იუნაიტედს 1986-დან 2013 წლამდე წვრთნიდა 

დამაინც: რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ფერგიმდე იუნაიტედი რეალურად არ ყოფილა დიდი კლუბი. თუკი მანამდე მანჩესტერელებს ახსენებდნენ, ახსენებდნენ მიუნხენის საშინელი ტრაგედიის გამო და იმის გამო, რომ ამ ტრაგედიის გადატანის შემდეგ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო (ინგლისური კლუბებიდან პირველმა). მაგრამ ალბათ სულ ეს იყო. ფერგის ზეობამდე ჩემპიონთა თასი ინგლისური კლუბებიდან ასტონ ვილამაც კი მოიგო, ლივერპულსა და ნოტინგემზე რომ არაფერი ვთქვათ.

"ფრანს ფუტბოლის" ტოპ 50 მწვრთნელში ფერგი მეორე ადგილზეა. პირველზე მიხელსია - ტოტალური ფეხბურთის შემოქმედი, მესამეზე საკი - ტაქტიკოსი და ინოვატორი, რომელმაც იტალიური ფეხბურთის ტრადიციულად დაცვითი სტილი შეცვალა, მეოთხეზე კრუიფი გახლავთ - ნუ აქ ყველაფერი გასაგებია, შემდეგ გვარდიოლა - ტიკი-ტაკას გენია, მერე ლობანოვსკი - ფიზმომზადების გენია, შემდეგ ერერა - კატენაჩოს გენია...

ამ გენიოსების ფონზე ფერგი მოკრძალებულად და უფერულადაც კი გამოიყურება. კი, მისი იუნაიტედი შემტევ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ტაქტიკაში მას განსაკუთრებული სიტყვა არ უთქვამს. მაგრამ რას მიქვია ტაქტიკა, როცა ფერგიმ გაცილებით მეტი ტიტული დააგროვა, ვიდრე ამ გენიოსებმა. მწვრთნელი პირველ რიგში ხომ შედეგებით ფასდება და არა ზოგადად ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილით. კრუიფმა ამ მხრივ ნამდვილად მეტი წვლილი შეიტანა, მაგრამ მის ბარსელონას რომ ვიხსენებთ, გვინდა თუ არ გვინდა, მაშინვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანთან განადგურება გვახსენდება. ცხადია, ფერგის იუნაიტედიც განადგურებულა შიგადაშიგ, მაგრამ მთლიანი მიღწევების ფონზე ეს ნაკლებად გვახსენდება ხოლმე. მართალია, არც კრუიფი და არცერთი სხვა ეს გენიოსი იმდენი ხნით არ გაჩერებულა რომელიმე კლუბში, რამდენ ხანსაც ფერგი გაჩერდა იუნაიტედში (27 წელი!), მაგრამ ახლა ეს ფერგის პრობლემა ნამდვილად არაა.

მოკლედ, რთულია, ჩაანაცვლო ფიგურა, რომელმაც საშუალოზე მაღალი დონის გუნდი ნამდვილ მონსტრად აქცია. მაგრამ, როგორც ინგლისურად იტყვიან you gotta carry on (ცხოვრება როგორმე უნდა გააგრძელო). მე რომ ნამდვილად არ მექნება ფერგის ჩანაცვლების რეცეპტი, ალბათ ყველანი ხვდებით, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა ხდებოდა იუნაიტედში ბოლო 8 წელი (ჯერ 9 არა), ის მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რა არ უნდა გააკეთოს კლუბის ხელმძღვანელობამ და მომავალმა მწვრთნელმა.

ახალი მწვრთნელი ფერგის მსგავსად ძლიერი უნდა იყოს ე.წ. man management-ში და თავზე არცერთი ვარსკვლავი არ უნდა დაისვას. დაუშვებელია, რომ ასეთ დიდ კლუბში სიტუაცია აურიოს თუნდაც პოგბასნაირმა ფეხბურთელმა. ფერგიმ თავის დროზე ინსი გააპანღურა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი თავის თავს მმართველს (governor) ეძახდა. მას მოგვიანებით თვით ბექჰემი მიაყოლა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ზედმეტად დადიოდა თავისი ვარსკვლავი ცოლის ჭკუაზე (ვინც აქამდე არ იცოდით, აწი იცოდეთ, რომ ბექჰემმა მომავალ ცოლს თბილისში ყოფნისას დაადგა თვალი. 1997-ში აქ ჩამოსული ინგლისის ნაკრები გასაგები მიზეზების გამო სასტუმრო "მეტეხში" გამოიკეტა, დევიდმაც მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ ტელევიზორს ჩაუჯდა ნომერში, ჰოდა MTV-ზე პირველად იხილა Spice Girls-ის ვიქტორია ადამსი და…).

ახალმა მწვრთნელმა გუნდი ვარსკვლავებით არ უნდა გადატენოს. ვან გაალმა ამ მხრივ საოცრებები აკეთა და შედეგად იუნაიტედის შუა ხაზში მივიღეთ რუნი მატასთან ერთად. ეს იმიტომ, რომ ჰოლანდიელი ცდილობდა, ვარსკვლავების უმეტესობა მუდმივად ეთამაშებინა, რათა რომელიმე არ გაენაწყენებინა (ისევ man management-ში ჩავარდნა).

ახალმა მწვრთნელმა კაპიტნად მაგუაირზე უფრო სერიოზული ფიგურა უნდა შეარჩიოს. კანტონასა და როი კინის, ან თუნდაც ვიდიჩის (რომელმაც 2009 წელს ფერგის უთხრა, სერბეთში უნდა წავიდე კოსოვოსთან საომრადო) დარი ფიგურების შემდეგ, მსგავსი კაპიტანი არასერიოზულად გამოიყურება. მით უმეტეს, როცა გუნდს ასეთი კრიზისი აქვს და მით უმეტეს, როცა ამ გუნდში კაპიტანს ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. პეტერ შმაიხელი დარწმუნებულია, რომ კანტონას კაპიტნობა რომ არა, იუნაიტედი დიდ გუნდად ვერ იქცეოდა.

ოლე გუნარ სულშერი და ჰარი მაგუაირი

და კიდევ ერთი: დიდი ხანია, ვიცით, რომ იუნაიტედის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს ზიდანის გადასაბირებლად. ცხადია, დიდ ფრანგს საკმარისზე მეტი ავტორიტეტი აქვს, რომ გუნდში წესრიგი დაამყაროს, მაგრამ რამდენად იმუშავებს იუნაიტედში არამანჩესტერელი? სულშერმა მის ორ ცნობილ წინამორბედს ალბათ იმის ხარჯზე აჯობა, რომ უბრალოდ მანჩესტერელია. ამ კლუბს ფერგიმ ისეთი ჯადო დაადო, რომ იქ უცხოს მუშაობა აშკარად უჭირს. თუმცა, აქ იუნაიტედს არჩევანი აშკარად შეზღუდული აქვს - ყოფილი მანჩესტერელებიდან სამწვრთნელო კარიერაში დიდად ვერავინ ივარგა. ვერ ივარგა როი კინმა, გიგზმაც და პირად ცხოვრებაშიც ისეთი სკანდალი აუგორდა (ძმის ცოლთან სასიყვარულო რომანი), რომ ძალიან ბევრ ფანს აღარ ეხატება გულზე. ყველაზე სერიოზული სამწვრთნელო CV ლორან ბლანს აქვს (საფრანგეთის ნაკრები და პსჟ), მაგრამ ტიტულები - ნაკლებად...

მოკლედ, 8 წელი სწრაფად გავიდა. ამასობაში, ჩელსიმ ჩემპიონთა თასი მეორედ აღმართა, ლივერპულმა კი სულაც მეექვსე (არაინგლისურ კლუბებზე არაფერს ვამბობ). იუნაიტედი კვლავაც გრანდების კატეგორიაში ირიცხება, მაგრამ ეს უფრო პრემიერლიგის ტიტულების ხარჯზე. თუკი ასე გაგრძელდა, პრემიერლიგის ტიტულების რაოდენობაში მანჩესტერელებს ისევ ლივერპული გაასწრებს. კიდევ ერთი ასეთი 8 წელი და მოახლოვდება დრო, როცა იუნაიტედს ისევ მხოლოდ იმიტომ თუ გაიხსენებენ, რომ ოდესღაც გუნდის თითქმის მთელი შემადგენლობა ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მაგრამ 10 წელიწადში გუნდმა ჩემპიონთა თასი მოიგო...

თორნიკე შარაშენიძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, დიპლომატიის ისტორიაზე კარგი წიგნების ავტორი და ფეხბურთის გულშემატკივარი.

კომენტარები

ბოლო ამბები