Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინმა წააგო და კიუშუ ბაშოზე ურთულეს მდგომარეობაშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა საშემოდგომო სუპერტურნირზე მე-6 მარცხი განიცადა
  • ტოჩინოშინს დადებითი ბალანსისთვის 7 ბრძოლიდან 6-ის მოგება სჭირდება

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მორიგი მარცხი განიცადა.

ტოჩინოშინი დღეს აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა აკუას გაეჯიბრა და შანსი არ ჰქონია. 31 წლის იაპონელმა სასტარტო შეჯახებისთანავე უპირატესობა მოიპოვა და ქართველი სუმოისტი დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოს 4 სასტარტო დღეს წელის ტრავმის გამო გამოტოვა და ცხადია, ყველა ორთაბრძოლაში მარცხი ჩაეთვალა, საერთო ჯამში კი, მას 2 გამარჯვების ფონზე უკვე 6 წაგება აქვს და ურთულეს ვითარებაშია.

ტოჩინოშინს ტურნირის დადებითითი ბალანსის დასრულებისთვის დარჩენილი 7 შეხვედრიდან ექვსის მოგება სჭირდება, ხოლო იმისთვის, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს, 5 ორთაბრძოლა მაინც დაასრულოს გამარჯვებით.

უკვე ცნობილია, რომ კიუშუ ბაშოს მე-9 დღეს ქართველი სეკიტორის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-17 მაეგაშირა შოჰოძანი იქნება. ტოჩინოშინი 37 წლის ვეტერან იაპონელს კარიერაში 24-ჯერ შეხვედრია და საგრძნობი უპირატესობა აქვს: 16 მოგება, 8 მარცხი.

კომენტარები

ბოლო ამბები