Thumbnail
  • დინამო ბათუმი 2:0 თელავი | დინამო თბილისი 2:0 შუქურა
  • ბათუმელებმა გაფრინდაშვილის დუბლით გაიმარჯვეს
  • გია გეგუჩაძის გუნდს ბოლოსწინა ტურში ჩემპიონობისთვის ფრეც ეყოფა

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თავ-თავიანთი მატჩები მოიგეს ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გუნდებმა - დინამო ბათუმმა და დინამო თბილისმა. შესაბამისად, ცხრილის ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა ისევ 5 ქულა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ჩემპიონობის გასაფორმებლად მომდევნო ტურში უკვე ქულაც ეყოფა...

ჩემპიონის ვინაობის გარკვევის შანსი ამ ტურშიც იყო. იმ შემთხვევაში, თუკი ზღვისპირელები თელავთან მოიგებდნენ, ხოლო პარალელურ მატჩში თბილისელები შუქურას ვერ დაამარცხებდნენ, გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონობას გაინაღდებდა, მაგრამ ასე არ მოხდა - ბათუმელებმა თელავს გაფრინდაშვილის დუბლით კი აჯობეს, მაგრამ 3 ქულა თბილისელებმაც მოიპოვეს.

გაფრინდაშვილი შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა

მესამედით შევსებულ ბათუმის სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი იერიშებით დაიწყო. ანგარიშის გახსნის პირველი რეალური მომენტი კი ჯაბა ჯიღაურს მე-20 წუთზე ჰქონდა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილის დროული და გრძელი პასის შემდეგ ერთი შეხებით ცდილობდა გატანას, მაგრამ თელაველთა მეკარეს ვერ აჯობა. მალევე თავად მამუჩაშვილსაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთს თელავის მცველი გადაეღობა.

დროთა განმავლობაში მასპინძელთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა, მათი იერიშები კი - მწვავე. თელაველთა საჯარიმოში საკმაოდ ეფექტური კომბინაცია ჯიღაურმა და გიორგი ფანცულაიამ გაითამაშეს, თუმცა ჯაბას დარტყმა შედეგის მომტანი არც ამ ეპიზოდში აღმოჩნდა.

ტაიმის მიწურულს გაშვებულ გოლს უკვე დინამო ბათუმი გადაურჩა. ოლეკსანდრ აზაცკის უყურადღებობის გამო, გიორგი ჯანელიძე ლაზარე კუპატაძის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ გუნდი გადაარჩინა.

ჯოვინომ და კომპანიამ პირველ ტაიმში გატანა ვერ მოახერხეს

მეორე ტაიმის საწყისი წუთებიც გიორგი მიქაძის ფეხბურთელების აქტიურობით აღინიშნა და ერთ ეპიზოდში თელაველები 11-მეტრიანსაც ითხოვდნენ, აპელირებდნენ რა ჯიღაურის ხელით თამაშზე, მაგრამ მატჩის არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ბათუმელებმა თამაში სწრაფად დაალაგეს. შესაძლებლობების ჩვენება თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძეს მოუხდა, როდესაც კუთხურის შემდეგ ძალიან სახიფათოდ თავით აზაცკი ურტყამდა. მოგვიანებით სანიკიძე დამაჯერებელი იყო ბენჟამინ ტეიდის მცდელობის დროსაც.

ასე გაიხსნა ანგარიში

დინამო ბათუმმა მიზანს 73-ე წუთზე მაინც მიაღწია. თელავის ნახევარმცველმა გიორგი ჯანელიძემ უკან არაზუსტი პასი გაკეთა, ბურთი კი შეცვლაზე შესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა ჩაჭრა, რომელმაც კომბინაცია ჯიღაურთან გაითამაშა და გაიტანა - 1:0.

თელავმა გაიბრძოლა, მაგრამ ვეღარაფერს გახდა. თორნიკემ კი სტუმართა კარში მეორედ თამაშის მიწურულსაც გაიტანა და მატჩის გმირი გახდა. მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მყოფმა 24 წლის ნახევარმცველმა დარტყმა მეკარისგან შორეულ კუთხეში იდეალურად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

საფინალო სასტვენის შემდეგ გაფრინდაშვილმა 'პირატებთან' სამახსოვრო სელფიც გადაიღო

საქართველოს 2021 წლის ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება. მომდევნო, 35-ე ტურში გია გეგუჩაძის გუნდი სამგურალს ესტუმრება, დასკვნით ტურში კი შინ გორის დილას მიიღებს. ახლა ზღვისპირელებს ისტორიაში პირველი ჩემპიონობისთვის ქულაც ყოფნით, რადგან ურთიერთშეხვედრებში თბილისელ კონკურენტთან უპირატესობა აქვთ. მანამდე კი ბათუმელებს საქართველოს თასის ნახევარფინალური შეხვედრა ელით საბურთალოსთან, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება.

რაც შეეხება დინამო თბილისს, კახა ცხადაძის შეგირდებს დარჩენილ ტურებში ჯერ გასლაზე სამტრედიასთან დაპირისპირება უწევთ, შემდეგ კი შინ თბილისის ლოკომოტივთან. 

დინამო ბათუმი 2:0 თელავი

გოლები: 1:0, 2:0 გაფრინდაშვილი (73', 89')

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე (57' გაფრინდაშვილი), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი (90' ნიქაბაძე), ტეიდი - მამუჩაშვილი, ჯოვინო, ჯიღაური (90' ნავალოვსკი) - ფანცულაია (57' ზარია).

თელავი (3-4-3): სანიკიძე - ძოწენიძე, თოლორდავა (80' შეყილაძე), თევზაძე - კაპანაძე, ბაშელეიშვილი (88' ჯიქია), ჯანელიძე (84' აშორტია), შერგელაშვილი - მარაქველიძე (84' ჩოგაძე), ჟუნიორი (88' არდაზიშვილი), რუხაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები