Thumbnail

ბაიერნი ძალიან ძლიერია, აუგსბურგი - ძალიან სუსტი, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირება ბავარიული დერბია, დერბიში კი ძლიერი და სუსტი პირობითი ცნებებია...

ანდრე ჰანი ბაიერნის კარში გატანილ გოლს ზეიმობს

რეკორდმაისტერმა გასავარდნ ზონაში მყოფ მეტოქესთან სენსაციური მარცხი იწვნია - იულიან ნაგელსმანის გუნდი აუგსბურგში 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა პირველიდან ბოლო წამამდე შეუპოვრად იბრძოლეს და საამაყო გამარჯვებას მიაღწიეს. FCA 35-ე წუთზე პედერსენისა და ჰანის გოლებით უკვე 2:0-ს იგებდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში პირველად არ ითამაშა იოზუა კიმიხმა (ის ჯერ კიდევ არ აცრილა), მისმა შემცვლელმა მარსელ ზაბიტცერმა კი საშინელი თამაში ჩაატარა - ორივე გოლი მისი ბრალი იყო: ჯერ პედერსენი დაკარგა თვალთახედვის არედან, მერე კი სწორფედ მის დაკარგვას მოჰყვა აუგსბურგის საგოლე კონტრშეტევა.

პირველივე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ თომას მიულერის (ბაიერნის ფორმით მე-600 მატჩს ატარებდა) სხვაობა შეამცირა, მაგრამ რეკორდმაისტერმა მეორე ტაიმში ვეღარაფერი შეძლო - ანგარიშიც კი ვერ გაათანაბრა. უნდა ითქვას, რომ ლევანდოვსკიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა (50-ე და მე-80 წუთებზე).

საინტერესოა, რომ აუგსბურგს ბუნდესლიგაში ბაიერნი სამჯერ ჰყავს დამარცხებული (მანამდე 2014 და 2015 წლებში) და სამივეჯერ, FCA-ს მთავარი მწვრთნელი მარკუს ვაინცირლი გახლდათ...

მიუნხენური გრანდისთვის ეს გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში მესამე მარცხია. მართალია, რეკორდმაისტერი ჯერ კიდევ ლიდერობს (28 ქულით), მაგრამ მიახლოვების შანსი მისცა დორტმუნდის ბორუსიას (24 ქულა), რომელიც დღეს შტუტგარტს უმასპინძლებს.

აუგსბურგი 2:1 ბაიერნი

გოლები: 1:0 პედერსენი (23), 2:0 ჰანი (35), 2:1 ლევანდოვსკი (38)

აუგსბურგი (4-4-2): გიკივიჩი - გუმი, გუველეუვი, ოქსფორდი, იაგო - მაიერი, დორში (74. მორავეკი), პედერსენი, კალიჯური (58. ფრამბერგერი) - ჰანი (82. იენსენი), ზექირი (82. კორდოვა).

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ერნანდესი, რიჩარდსი (52. დევისი) - ზაბიტცერი (52. მუსიალა), გორეტცკა - გნაბრი, მიულერი, სანე (69. ჩუპო-მოტინგი) - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები