Thumbnail
  • UFC-ის მთლიანი რეიტინგის მეორეადგილოსანმა გიგა ჭიკაძეზეც ისაუბრა
  • ალექსანდერ ვოლკანოვსკის მომავალ მეტოქედ მაქს ჰოლოუეი სურს
  • თუ ეს ბრძოლა არ შედგა, ტიტულის დაცვაზე მეტოქედ ჭიკაძესაც განიხილავს

UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის (featherweight) ჩემპიონმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ The MMA Hour-ს ინტერვიუ მისცა და ტიტულისთვის ბრძოლაზე ლაპარაკისას გიგა ჭიკაძე ახსენა.

ავსტრალიელმა 25 სექტემბერს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბრაიან ორტეგა დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეორედ დაიცვა. როგორც იცით, მანამდე გამართულ ორ ბრძოლაში ვოლკანოვსკიმ მაქს ჰოლოუეის აჯობა.

ჰოლოუეიმ გასულ კვირაში იაირ როდრიგესს მოუგო და ტიტულისთვის ბრძოლის მთავარი პრეტენდენტი გახდა. თუმცა, ამერიკელს მექსიკელის დამარცხების შემდეგ ვოლკანოვსკი არც კი უხსენებია, კონორ მაკგრეგორთან ჩხუბის სურვილი კი ცოტა ხნის წინ გამოთქვა. ავსტრალიელ ჩემპიონს ჰოლოუეისთან ბრძოლის გამართვა უნდა, მაგრამ ამბობს, რომ თუ ამერიკელი თანახმა არაა, ძლიერ მეტოქეს უპრობლემოდ იპოვის, მათ შორის კი გიგა ჭიკაძესაც მოიაზრებს.

“არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მოწინააღმდეგესთან 0:2-ს აგებ და ასე იქცევი: “არ ვიცი, ვნახოთ, იქნებ ვიჩხუბო კიდეც”. პრობლემა არაა, თუ არ გინდა, სხვა მეტოქეს ვიპოვი. ადექი და თქვი, გააგებინე UFC-ის,”- მიმართა ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეის.

'მოწინააღმდეგის პოვნა არ გამიჭირდება. გიგა ჭიკაძე ამდენი ხანია მიწვევს'

ავსტრალიელს სჯერა, რომ თუ ჰოლოუეის მესამედაც დაამარცხებს, ნახევრადმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის სტატუსს მიიღებს და ამერიკელთან ჩხუბი ამიტომაც უნდა: “საუკეთესო რომ გიწოდონ, ვინმე მაქსის მსგავსი უნდა დაამარცხო და თუკი კვლავ მოვახერხებ მის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებას, საუკეთესო ვიქნები.”

მაგრამ, თუ ეს ბრძოლა არ შედგა, კალვინ კატართან გამარჯვების შემთხვევაში ტიტულზე ბრძოლისა და მის მომავალ მეტოქედ, როგორც ჩანს, ვოლკანოვსკი გიგა ჭიკაძეს განიხილავს: “მოწინააღმდეგის პოვნა არ გამიჭირდება. გიგა ჭიკაძე ამდენი ხანია მიწვევს, მალე კალვინ კატარს შეხვდება. და მაინც, არჩევანი კიდევ მაქვს, მე მეომარი ვარ და ბრძოლა საუკეთესო ბიჭებთან მსურს,”- თქვა ავსტრალიელმა ჩემპიონმა. 

გიგა ჭიკაძე UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის მე-8 ნომერია

გიგა ჭიკაძე ამჟამად UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის მე-8 ნომერია, კატარის დამარცხების შემთხვევაში კი მინიმუმ მის ადგილს დაიკავებს, ანუ მე-5 პოზიციას, ან უკეთეს შემთხვევაში - მე-4-ს. უარეს შემთხვევაში მის წინ ჩემპიონი ვოლკანოვსკი და 4 მებრძოლი იქნება: მაქს ჰოლოუეი, ბრაიან ორტეგა, იაირ როდრიგესი და “კორეელი ზომბი” ჩან სუნ იუნი.

ჩანმა როდრიგესთანაც წააგო და ორტეგასთანაც. თავად ორტეგამ ტიტულისთვის ორჯერ იჩხუბა - ჰოლუეისთანაც დამარცხდა და ვოლკანოვსკისთანაც. როდრიგესმა ახლახან წააგო მაქს ჰოლოუეისთან. ამიტომ, თუ გიგა კატარს დაამარცხებს და ჰოლოუეი ვოლკანოვსკის არ ეჩხუბება, არის შანსი, ქამრისთვის გიგამ იბრძოლოს. თუ ასე არ მოხდა და ჰოლოუეი ვოლკანოვსკის ეჩხუბა, გიგას ბრძოლა როდრიგესთან ან ორტეგასთან ექნება. და ბოლო ვარაუდი: თუ ჰოლოუეი ვოლკანოვსკისთან წააგებს, ხოლო გიგა როდრიგესს ან ორტეგას დაამარცხებს, ჭიკაძეს სატიტულო ბრძოლა, ფაქტობრივად, განაღდებული ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები