Thumbnail
  • 📅 20 ნოემბერი | ⌚ 18:00 | ⚽ დინამო ბათუმი V თელავი
  • 📅 20 ნოემბერი | ⌚ 18:00 | ⚽ დინამო თბილისი V შუქურა
  • საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი
  • დინამო ბათუმი დინამო თბილისს 5 ქულით უსწრებს
  • ყველაფერი ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მთავარ მატჩებზე

საქართველოს ჩემპიონატის 34-ე ტური, შესაძლოა, ისტორიული გამოდგეს და ქვეყანას ახალი ჩემპიონი მოევლინოს. ამის შანსი დინამო ბათუმს აქვს, რომელიც ეროვნულ ლიგას 68 ქულით ლიდერობს და დინამო თბილისს 5 ქულით უსწრებს. თუ გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ მოედანზე თელავს დაამარცხებს, ხოლო დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას ვერ მოუგებს, ბათუმური გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდება. ორივე მატჩი 20 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. 

დინამო ბათუმი ჩემპიონობასთან ახლოს წინა 2 სეზონის ფინიშის დროსაც იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში ოქროს მედლები ხელიდან საჩხერის ჩიხურასა და თბილისის ლოკომოტივთან დაკარგული ქულების გამო გაუშვა.

დინამო თბილისმა საქართველოს ჩემპიონობა ბოლო 2 სეზონში მოიპოვა, უკანასკნელ 10 წელიწადში კი ყველაზე ტიტულიანი ქართული კლუბი ქვეყნის ჩემპიონატის ტრიუმფატორი 5-ჯერ გახდა. აღსანიშნავია, რომ კახა ცხადაძე ქართულ გუნდს მეოთხედ წვრთნის - წინა 3 შემთხვევაში ცხადაძის გაწვრთნილები 2-ჯერ ჩემპიონები, ერთხელ კი ვერცხლისპრიზიორები გახდნენ. 

რაც შეეხება უშუალოდ ხვალინდელ მატჩებს: დინამო ბათუმი და თელავი ერთმანეთს მეათედ შეხვდებიან. განვლილი 9 მატჩიდან ბათუმელებმა 6 მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა და 1 გამარჯვება კახელებს დარჩათ. წლევანდელ სეზონში კი დინამომ თელავს სამივე თამაში მოუგო. თუ აჭარლები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, კახელებს თავიანთი ამოცანა აქვთ - ეროვნულ ლიგაში ადგილი გარანტირებულად უნდა შეინარჩუნონ და პლეი-აუტის მატჩები თავიდან აიცილონ. მეტოქის მსგავსად, მდევარს თელავიც 5 ქულით უსწრებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ლიგაში ერთადერთი კოლექტივია, რომელსაც საკუთარ მოედანზე არ წაუგია - 11 მოგება და 5 ფრე. 

დინამო ბათუმმა ბოლო საშინაო მატჩში საბურთალო 4:0 დაამარცხა

დინამო თბილისი და შუქურა ერთმანეთს მეჩვიდმეტედ დაუპირისპირდებიან. განვლილი 16 შეხვედრიდან თბილისელებმა 11 მოიგეს, 4 ფრედ დასრულდა და ერთხელ ქობულეთელებმა იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, შუქურამ დინამო წელს, 24 აპრილს დაამარცხა და საქართველოს თასიდან გამოთიშა. ნიშანდობლივია, რომ ქობულეთელებს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მოპოვებული 5 გამარჯვებიდან ყველა საკუთარ მოედანზე აქვთ მოპოვებული.

აღსანიშნავია, რომ შუქურა საქართველოს თასის ნახევარფინალშია და 24 ნოემბერს წყალტუბოს სამგურალს უნდა დაუპირისპირდეს. შესაბამისად, შესაძლოა, ქობულეთელებმა დინამო თბილისთან ძალები დაზოგონ. საქმე ისაა, რომ შუქურა დარჩენილ 3 ტურში პლეი-აუტის ზონიდან ვეღარ ამოვა, ბოლოადგილოსან სამტრედიას კი 7 ქულით უსწრებს.

ეროვნული ლიგის წინა 2 სეზონში ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გამოვლინდა. ვნახოთ, რა იქნება ახლა.

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმი ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 18 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამ შეხვედრებში კი 38 გოლი გაიტანა და 16 გაუშვა. 

⚽ გატანილი გოლებით (66) ლიგაში პირველ ადგილზე დინამო ბათუმია, მეორე ადგილს დინამო თბილისი და თბილისის ლოკომოტივი იყოფენ (54). ყველაზე ცოტა გოლიც დინამო ბათუმმა გაუშვა (25), შემდეგ კი დინამო თბილისი მოდის (26). 

⚽ დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელმაც საკუთარ მოედანზე ჩატარებულ შეხვედრებში, მინიმუმ 1 გოლი ყველა მატჩში გაიტანა. 

⚽ დინამო თბილისისა და შუქურას წელს გამართული 4 მატჩიდან მხოლოდ 1-ში გავიდა 2,5 გოლზე მეტი.

⚽ ბათუმელთა და თელაველთა შორის წელს გამართული 3 მატჩიდან 2-ში 2,5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ დინამო თბილისს თამაშში საშუალოდ 1,64 გოლი გააქვს. დინამო ბათუმს კი - 2. 

⚽ ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე დინამო თბილისის ფორვარდი ზორან მარუშიჩია (14), მეორე ადგილზე დინამო ბათუმის თავდამსხმელი გიორგი ფანცულაიაა (13). მარუშიჩი ეროვნულ ლიგაში საგოლე პასებითაც (8) პირველია. 

⚽ დინამო ბათუმის მეკარე ლაზარე კუპატაძე ლიგაში მშრალი მატჩებით პირველ ადგილზეა (15). 

⚽ დინამო თბილისმა ბოლო 5 მატჩიდან გოლის გატანა მხოლოდ 1-ში ვერ შეძლო - წინა ტურში დილასთან (0:1). ხოლო დინამო ბათუმმა ბოლო 5 მატჩიდან გოლი 2-ში ვერ გაიტანა. 

⚽ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში დინამო ბათუმს საკუთარ მოედანზე ყველაზე მეტი - 38 ქულა აქვს მოპოვებული. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე 33 ქულით დინამო თბილისია. გასვლაზე ორივე გუნდმა თანაბრად, 30-30 ქულა დააგროვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები