Thumbnail

UFC | რომან დოლიძის ახალი მეტოქე და ბრძოლის თარიღი გაირკვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 33 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ში მეხუთე ბრძოლას დეკემბერში გამართავს
  • რომან დოლიძე UFC Vegas 44-ში ამერიკელ ბრენდან ალენს დაუპირისპირდება

UFC-ის მებრძოლი რომან დოლიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ამ ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილი ორთაბრძოლა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის გამო გაუუქმდა, ოქტაგონზე ახლო მომავალში გავა. MMA Fighting-ის ინფორმაციით, 33 წლის ქართველი სპორტსმენი ტურნირში UFC Vegas 44, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართება, ბრედ ტავარესს ჩაანაცვლებს და ბრენდან ალენს დაუპირისპირდება. 

ბრედ ტავარესი ტურნირიდან უცნობი მიზეზით ჩაეხსნა, დოლიძეს კი საშუალება მიეცემა, პრომოუშენში თავისი მეხუთე შეხვედრა ჩაატაროს. 

რომან დოლიძეს MMA-ში 9 მოგება და 1 მარცხი აქვს, კონკრეტულად UFC-ში კი 4 ბრძოლას ითვლის, საიდანაც 3 მოიგო და ერთი დათმო. ქართველი მებრძოლი, რომელიც საშუალო წონაში ასპარეზობს, ბოლოს ოქტაგონზე ამ წლის ივნისში გავიდა და არგენტინელ ლაურენაო სტაროპოლის მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა. 

ქართველი მებრძოლი UFC-ში მეხუთე შეხვედრას ჩაატარებს

შეგახსენებთ, რომ რომანი 14 ნოემბერს, ლას ვეგასში, ტურნირში UFC Fight Night 197 ამერიკელ კაილ დოკოსს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე COVID-19 გამოუვლინდა და შეხვედრა გაუქმდა.

რაც შეეხება რომანის მომავალ მეტოქეს, 25 წლის ამერიკელმა ბრენან ალენმა ბოლოს ივლისში, ტურნირში UFC on ESPN 27 იჩხუბა და პუნაჰილი სორიანო დაამარცხა. მის ანგარიშზე MMA-ში 19 მოგება და 4 მარცხია, UFC-ში - 5 მოგება, 1 წაგება. 

კომენტარები

ბოლო ამბები