Thumbnail

NBA | სტეფ კარი ისტორიის წერას აგრძელებს - 9 სამქულიანი კლივლენდში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კლივლენდ კავალიერსი 89:104 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • გოლდენ სტეიტის კალათბურთელს ფანტასტიკური სეზონი აქვს
  • 33 წლის გამთამაშებელი NBA-ში საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებს

სტეფენ კარის ფანტასტიკური სეზონი გრძელდება, მისი გუნდი კი რეგულარულის თამაშებს ერთმანეთის მიყოლებით იგებს და ლიდერია. ბოლო შეხვედრა გოლდენ სტეიტ უორიორსმა სტუმრად კლივლენდ კავალიერსთან ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის უმეტესი დრო მდევრის როლში გაატარა, ბოლო პერიოდი 36:8 მოიგო და საბოლოოდ 15-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა კიდეც. 

შეხვედრის გმირი გოლდენ სტეიტის გამთამაშებელი გახდა, რომელმაც 40 ქულა მიითვალა და მორიგი მიღწევებით გამოირჩა. კარიმ ამ მატჩში 11-იდან 6 ორქულიანი, 16-იდან 9 სამქულიანი და 1-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 6 პასი და 4 მოხსნა იყო. 

კავალიერსის კალათბურთელებმა სტეფ კარი ვერაფრით შეაჩერეს

სტეფ კარიმ მიმდინარე სეზონის 15 მატჩში უკვე 85 სამქულიანი ჩააგდო და NBA-ს რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მასვე უკუთვნოდა (80 სამქულიანი 2018/19 წლების სეზონში). ამას გარდა, 33 წლის კალათბურთელმა კარიერაში 38-ე შეხვედრა მიითვალა ისეთი, რომელშიც 9 და მეტი ზუსტი სამქულიანი ჰქონდა, რაც ასევე ლიგის რეკორდია. ამ სიაში კარის შემდეგ ჯეიმს ჰარდენი, დემიენ ლილარდი (ორივეს 9 მატჩი) და კლეი ტომპსონი (7) მოდიან.

კალენდარული 2021 წლის განმავლობაში სტეფმა უკვე 408 სამქულიანი მიითვალა და პირველი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ამ ნიშნულს უშუალოდ რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში მიაღწია. გოლდენ სტეიტს წელს კიდევ 20 მატჩის გამართვა მოუწევს, რაც კარის მიღწევის კიდევ უფრო გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.


კლივლენდში გამარჯვების შემდეგ გოლდენ სტეიტს 13 მოგება და 2 მარცხი აქვს, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია. მომდევნო შეხვედრას უორიორსი 20 ნოემბერს, სტუმრად დეტროიტში ჩაატარებს. რაც შეეხება კავალიერსს, 9 მოგებითა და 8 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზეა, შემდეგ თამაშს კი 23 ნოემბერს, შინ ბრუკლინ ნეტსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები