Thumbnail

NCAA-ში 19 წლის ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნტმა, რომელიც დასავლეთ სანაპიროს კონფერენციაში თამაშობს, სეზონის მესამე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა, ლიტლ როკი 82:63 დაამარცხა. LMU-ს ახალწვეულმა 24 წუთი ითამაშა, ის სასტარტოში არ ყოფილა. თამაშიდან ალექსმა 3-დან 3 სროლა (მათ შორის სამქულიანი) ჩააგდო, ჯამში 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ეს იყო ქართველი ახალწვეულის საუკეთესო თამაში ლოიოლას მაისურით. 


შეგახსენებთ, რომ კოლეჯთა ლიგაში დებიუტი მერკვილაძეს კალ სტეიტ ნორტრიჯში შარშან ჰქონდა, ის საშუალოდ 10 ქულასა და 7 მოხსნას აკეთებდა, რითაც უფრო ძლიერი კლუბის, ლოიოლას დაინტერესებაც გამოიწვია. ლიტლ როკთან თამაშში მერკვილაძემ თავი მნიშვნელოვან მომენტებში გამოიჩინა, მათ შორის, მაშინ, როცა მისმა გუნდმა მონაკვეთი 6:0 მოიგო და წინ გაიჭრა. 21 ნოემბერს ლოიოლა ფლორიდის შტატის უნივერსიტეტს ეთამაშება. 

ვილი ისიანის დეტროიტ მერსი მისისიპი სტეიტთან 64:77 დამარცხდა. ქართველმა მსროლელმა 12 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 3 მოხსნა და 2 ჩაჭრაა. ნიკა მეცხვარიშვილის ლუიზიანა-მონრომ სეზონში პირველად მოიგო: ჩემპიონ კრისტიანი 114:59 გაანადგურა. 22 წლის ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

NCAA II დივიზიონის AIC-ში ბუკა ფეიქრიშვილი თამაშობს, მისმა გუნდმა სტეიტნ აილენდს 80:46 მოუგო. ქართველმა მცველმა 11 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.  

კომენტარები

ბოლო ამბები