Thumbnail

ტოჩინოშინი იორიკირით დაბრუნდა - პირველი მოგება კიუშუ ბაშოზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და შემოდგომის სუპერტურნირში ჩაერთო
  • ქართველ სუმოისტს ელიტაში დასარჩენად მინიმუმ 5 გამარჯვება სჭირდება

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც 2021 წლის ნოემბრის სუპერტურნირის 4 სასტარტო დღე წელის ტრავმის გამო გაუცდა, პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა და გამარჯვებაც იზეიმა.

დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის გაეჯიბრა და იორიკირით აჯობა. სასტარტო შეჯახების შემდეგ მცირე უპირატესობა თითქოს იაპონელმა სუმოისტმა მოიპოვა, თუმცა, ლევანმა კონტრიერიში წამოიწყო, მოწინააღმდეგე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და მისი დამარცხება აღარ გასჭირვებია.

უკვე ცნობილია, რომ კიუშუ ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება. ქართველი სეკიტორი 31 წლის იაპონელს 10-ჯერ შეხვედრია და აშკარა უპირატესობა აქვს, ამდენად, ხვალინდელ ორთაბრძოლაშიც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

გასაგებ მიზეზთა გამო, ტოჩინოშინისთვის ფუკუოკაში ყველა შერკინებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გორგაძეს მაკუუჩი დივიზიონში ზედიზედ 5 ბაშო აქვს დასრულებული უარყოფითი ბალანსით. მას ელიტაში დასარჩენად, მინიმუმ 5 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება, კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, რანგით მე-2 – ჯურიოს დივიზიონში აღმოჩნდება, რაც კარიერის დასრულების ტოლფასი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ქართველმა სუმოისტმა წელის ტრავმა ზედ საშემოდგომო ტურნირის წინ, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო და დოჰიოზე გასვლა ვერ მოახერხა. იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტოჩინოშინს მომჯობინებისთვის 2 კვირა დასჭირდებოდა, თუმცა, თავად გორგაძეს თავიდანვე ჰქონდა იმედი, რომ მწყობრში უფრო ადრე ჩადგებოდა. ასეც მოხდა და დაბრუნებაც წარმატებული გამოუვიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები