Thumbnail

NCAA-ში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებიდან ჯერჯერობით, ყველაზე კარგად 18 წლის გამთამაშებელი ლუკა ავალიანი თამაშობს, მართალია, მისი გუნდი კოლეჯთა ლიგის ელიტაში არ არის, მაგრამ მცველებში საქართველოს ნაკრებს აშკარად საკადრო პრობლემები აქვს და თითოეული უკანახაზელის წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ლუკას საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, სადაც საშუალოდ 14.9 ქულას, 3.9 მოხსნას და 1.9 პასს აკეთებდა. ის ამერიკის უმაღლესი სკოლების ლიგაში, უოლტონის შემადგენლობაში თამაშობდა, საიდანაც კოლეჯთა ლიგის სევანი ტაიგერსმა შეამჩნია. წლეულს ის NCAA-ის დებიუტანტია. 

16-წლამდელთა რიგებში თამაშისას

სევანი ტაიგერსმა სეზონში მე-5 მატჩი გამართა და პირველად გაიმარჯვა, ეს მოხდა შინ ბრევარდის კოლეჯთან შეხვედრის ოვერტაიმში - 81:72. ლუკა ავალიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან 39 წუთი ითამაშა და კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა! მის ანგარიშზე 12 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასია. ქულები მან სამქულიანის გარეშე მოაგროვა, ლუკას პლუსი უფრო ფარქვეშ შესვლებია, ვიდრე შორი მანძილიდან სროლები. მის ანგარიშზეა 1 ჩაჭრაც. თითქმის 40 წუთში მან ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური შენიშვნა მიიღო. სხვათა შორის, უნივერსალურობის გამო, სევანი ტაიგერსში ის უფრო მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ბურთის გათამაშება რომ ეხერხება, ამ სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს. 

ქართველი ახალბედა ტაიგერსის სასტარტოში მხოლოდ მესამე მატჩიდან მოხვდა. ჰანტიგდონთან 61:70 წაგებულ მატჩში ლუკას 9 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა (იმ შეხვედრაში მე-2 ნომრად ითამაშა), ლაგრანჟთან 81:84 წაგებულ მატჩში კი - 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი. მოკლედ სულ რამდენიმე მატჩი დასჭირდა, რომ ტაიგერსის ლიდერად ჩამოყალიბებულიყო. მის გუნდს შემდეგი შეხვედრა 19 ნოემბერს MUW კოლეჯთან ექნება.  

კომენტარები

ბოლო ამბები