Thumbnail
  • დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის წილისყრა გაიმართება
  • იტალია და პორტუგალია, შესაძლოა, ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ
  • გუნდები, განთესილები, წილისყრა, ფორმატი - ყველაფერი პლეი ოფზე

დღეს საღამოს გავიგებთ, რა გზის გავლა მოუწევთ იტალიის, პორტუგალიის და სხვა ნაკრებ გუნდებს იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემიონატზე მოხვდნენ.

ევროპაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვა ის 12 ნაკრები, რომლებიც ევროპისთვის დარჩენილი 3 საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ.

პლეი ოფის ახალი სისტემა საკმაოდ ჩახლართულია - ამ სტატიაში აგიხსნით, ვინ ვის შეიძლება შეხვდეს და როგორი შანსები აქვთ იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებს - როგორც იცით, ევროპის მოქმედმა და ყოფილმა ჩემპიონებმა მუნდიალზე თამაში შესარჩევიდან პირდაპირ ვერ გაინაღდეს. მათ გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენის საფრთხე რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთს და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთსაც ემუქრება.

კრიშტიანო რონალდოს მუნდიალს მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრება

მოკლედ: მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის წილისყრა, კალენდარი, გუნდები და კალათები - პასუხი ყველა კითხვაზე.

ვინ ითამაშებს პლეი ოფში?

როგორც უკვე ვთქვით, ევროპისთვის დარჩენილი 3 საგზურისთვის 12 გუნდი იბრძოლებს. პლეი ოფში ითამაშებენ შესარჩევის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული ქვეყნები (სულ 10) და 2 საუკეთესო გამარჯვებული ერთა ლიგის (2020/21) ჯგუფებიდან - გუნდები, რომლებმაც მუნდიალის საგზური შესარჩევიდან ვერ მოიპოვეს (ვერც პირველზე გავიდნენ და ვერც მეორეზე).

მოკლედ, პლეი ოფის მონაწილეები არიან: პორტუგალია, იტალია, რუსეთი, შოტლანდია, შვედეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, უელსი, თურქეთი, ავსტრია (ერთა ლიგიდან) და ჩეხეთი (ერთა ლიგიდან). ეს 12 გუნდი წილისყრისთვის ორ კალათაში გადანაწილდებიან.

როდის შედგება პლეი ოფის წილისყრა?

მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული შესარჩევის პლეი ოფის წილისყრა დღეს, 26 ნოემბერს, ციურიხში გაიმართება და თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

როგორია პლეი ოფის ფორმატი?

ევროპაში 12 გუნდი 3 საგზურისთვის იბრძოლებს, ნაკრებებს 3 გზა აქვთ - A, B და C გზები. თითოეულ გზაზე გაიმართება ნახევარფინალები და ფინალი (ერთმატჩიანი). ამ სამივე გზის გამარჯვებული გუნდები მუნდიალის საგზურებს მოიპოვებენ.

როგორ გაიმართება პლეი ოფის წილისყრა?

შესარჩევის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან 6 საუკეთესო პირველ კალათშია და ნახევარფინალურ მატჩებს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ (ეს დიდი უპირატესობაა). დარჩენილი 6 გუნდი კი მეორე კალათშია და მათ ნახევარფინალური მატჩების ჩატარება სტუმრად მოუწევთ.

თავიდან, პირველი კალათის გუნდებს ნახევარფინალებში მასპინძლის რანგში 1, 2, 3, 4, 5 და 6 მიენიჭებათ. ანუ, კალათიდან პირველი ამოღებული გუნდი პირველი ნახევარფინალის მასპინძელი იქნება და ა.შ. ასევე დაუწყვილდებიან მათ მეორე კალათის ნაკრებები. შედეგად, პირველი და მეორე ნახევარფინალის წყვილები შექმნიან A გზის ოთხეულს, მესამე და მეოთხე ნახევარფინალის წყვილები B გზის ოთხეულს, ხოლო მეხუთე და მეექვსე ნახევარფინალის წყვილები C გზის ოთხეულს.

A გზა
ნახევარფინალი 1: პირველი კალათის გუნდი V მეორე კალათის გუნდი
ნახევარფინალი 2: პირველი კალათის გუნდი V მეორე კალათის გუნდი

B გზა
ნახევარფინალი 3: პირველი კალათის გუნდი V მეორე კალათის გუნდი
ნახევარფინალი 4: პირველი კალათის გუნდი V მეორე კალათის გუნდი

C გზა
ნახევარფინალი 5: პირველი კალათის გუნდი V მეორე კალათის გუნდი
ნახევარფინალი 6: პირველი კალათის გუნდი V მეორე კალათის გუნდი

ფინალების მასპინძლებსაც წილისყრა გამოავლენს.

ეს გასაგებია და ვინ რომელ კალათაშია? 

პირველი კალათა: პორტუგალია, შოტლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, უელსი
მეორე კალათა: თურქეთი, პოლონეთი, ჩრდ. მაკედონია, უკრაინა, ავსტრია, ჩეხეთი

გამოდის, რომ მაგალითად პორტუგალია და იტალია ერთმანეთს ნახევარფინალში ვერ შეხვდებიან, მაგრამ შესაძლებელია, რომ ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ. უკრაინა და რუსეთი გასაგები მიზეზის გამო ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე, შესაძლოა, ზედიზედ მეორედ ვერ გავიდეს

როდის იქნება პლეი ოფი?

პლეი ოფის ნახევარფინალები 2022 წლის 24 მარტს გაიმართება, ფინალები კი - 29 მარტს. ზუსტი დროები წილისყრის შემდეგ დადგინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები