Thumbnail

ტოჩინოშინი ბრუნდება - ტრავმა მოიშუშა და კიუშუ ბაშოზე იასპარეზებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ საშემოდგომო სუპერტურნირის სტარტი წელის ტკივილის გამო გამოტოვა
  • ბაშოს მე-5 დღეს 34 წლის ტოჩინოშინის მეტოქე 27 წლის იაპონელი კაგაიაკი იქნება

34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მომჯობინდა და იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე საშემოდგომო სუპეტურნირში მე-5 დღიდან ჩაებმება.

ტოჩინოშინი, რომელიც კიუშუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის გაეჯიბრება. ქართველი სეკიტორი 27 წლის იაპონელს კარიერაში მეთერთმეტედ შეხვდება და აშკარა უპირატესობა აქვს – 8 მოგება, 2 მარცხი.

ვეტერანმა ქართველმა სუმოისტმა სპორტსმენმა წელის ტრავმა ზედ ტურნირის წინ, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო და დოჰიოზე გასვლა ვერ მოახერხა. იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტოჩინოშინს მომჯობინებისთვის 2 კვირა დასჭირდებოდა, თუმცა, თავად გორგაძეს თავიდანვე ჰქონდა იმედი, რომ მწყობრში უფრო ადრე ჩადგებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სუმოისტს მაკუუჩი დივიზიონში ზედიზედ 5 ბაშო აქვს დასრულებული უარყოფითი ბალანსით. ელიტაში დასარჩენად, გორგაძეს ფუკუოკაში მინიმუმ 5 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება, კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, რანგით მე-2 – ჯურიოს დივიზიონში აღმოჩნდება, რაც კარიერის დასრულების ტოლფასი იქნება.

კიუშუ ბაშოს 4 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგი ექვს სუმოისტს გააჩნია. ესენი იოკოძუნა ტერუნოფუჯი, ოძეკი ტაკაკეიშო, სეკივაკე მიტაკეუმი და რიგითი მაეგაშირები – ჰოკუტოფუჯი, აბი და სადანოუმი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები