Thumbnail

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპაში დასრულებულია. ცნობილია 10 ნაკრების ვინაობა, რომელთაც უკვე მოიპოვეს მუნდიალის საგზური, კიდევ 12 კი პლეი ოფში აგრძელებს დარჩენილი სამი ევროპული საგზურისთვის ბრძოლას. 

ხვიჩა კვარაცხელიამ ეს ჯგუფური ეტაპი ძალიან კარგად ჩაატარა - მან 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა, გახდა B ჯგუფის ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. არის ერთი კომპონენტი, რომელშიც ხვიჩა არა მარტო ჯგუფში, არამედ, ევროპაში საუკეთესოა - ის მატჩში საშუალოდ 4 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებდა, რაც საუკეთესო შედეგია ინგლისელ რაჰიმ სტერლინგთან ერთად.

მანჩესტერ სიტის 26 წლის შემტევმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. როგორც ხვიჩა, ისიც საშუალოდ 4 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებდა მატჩში. 

საუკეთესო დრიბლიორები ჯგუფების მიხედვით

A - ბერნარდო სილვა (პორტუგალია) - 2.7
B - ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) - 4.0
C - ფედერიკო კიეზა (იტალია) - 2.1
D - რუსლან მალინოვსკი (უკრაინა) - 2.6
E - კევინ დე ბრუინი (ბელგია) - 3.0
F - მანორ სოლომონი (ისრაელი) - 3.5
G - ჯენგიზ უნდერი (თურქეთი) - 3.3
H - მატეო კოვაჩიჩი (ხორვატია) - 3.4
I - რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი) - 4.0
J - დარკო ჩურლინოვი (ჩრდ. მაკედონია) - 3.3

ასევე აღსანიშნავია ლეროი სანეს (გერმანია) მიღწევა, რომელიც თავის ჯგუფში საუკეთესო არ იყო, მაგრამ საშუალოდ 2.9 წარმატებული დრიბლინგით თამაშში მე-7 ადგილზეა. ინგლისელი ჯუდ ბელინგემი 2.8-ით მე-9 პოზიციაზეა. ხვიჩასთვის საუკეთესო მატჩი ამ მხრივ სტუმრად საბერძნეთთან (1:1) იყო, როცა მან 6-ჯერ შეძლო დრიბლინგით მეტოქის მცველის ჩამოტოვება, ეს მან 5-ჯერ მოახერხა ესპანეთთან საშინაო მატჩში (1:2).

კომენტარები

ბოლო ამბები