Thumbnail

'ეს დაუჯერებელია' - ნოვაკ ჯოკოვიჩმა პიტ სამპრასის რეკორდი დაამხო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სერბმა ჩოგბურთელმა წელი პირველ ნომრად კარიერაში მეშვიდედ დაასრულა
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშიც მოგებით დაიწყო

სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს 2021 წლის პირველ ნომრად დასრულებისთვის საგანგებო ჯილდო გადაეცა. ნოლემ შესაბამისი თასი ATP-ს წლის შემაჯამაბელი ტურნირის სასტარტო მატჩის მერე შემართა, რომელშიც მან ნორვეგიელი კასპერ რუუდი 7:6 (7:4), 6:2 დაამარცხა.

34 წლის ჯოკოვიჩმა წლის კლასიფიკაცია ლიდერის რანგში კარიერაში მეშვიდედ დაასრულა, რითაც ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელის პიტ სამპრასის რეკორდი დაამხო. სერბმა ვარსკვლავმა წარმატებას 2011, 2012, 2014, 2015, 2018, 2020 და 2021 წლებში მიაღწია, სამპრასი კი 1993-98 წლებში იყო მიუწვდომელი.

“4 თუ 5 წლის ვიყავი, როდესაც უიმბლდონზე სამპრასის თამაში პირველად ვნახე. სწორედ მაშინ მოვითხოვე ჩოგანი და ჩოგბურთი შემიყვარდა. ის, რომ ახლა, პიტის შემდეგ, რეკორდი სწორედ მე მეკუთვნის, ეს დაუჯერებელია”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

სერბ ვარსკვლავს საგანგებო ჯილდო წლის შემაჯამებელ ტურნირზე გადაეცა

შეგახსენებთ, რომ სერბმა ჩოგბურთელმა წლეულს დიდი სლემის 4 ტურნირიდან სამში იმარჯვა და ამის გარდა, პარიზის მასტერსისა და მისთვის მშობლიურ ბელგრადში გამართული 250-იანი ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ATP-ს წლის შემაჯამებელ ტურნირს ამ დღეებში იტალიის ქალაქი ტურინი მასპინძლობს. ჯოკოვიჩთან ერთად “მწვანე ჯგუფში”, ხსენებული რუუდის გარდა, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და რუსი ანდრეი რუბლიოვიც მოხვდნენ, “წითელ ჯგუფში” კი გერმანელ ალექსანდერ ზვერევი, რუსი დანიილ მედვედევი, პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი და იტალიელი მატეო ბერეტინი აღმოჩნდნენ.

სხვა საქმეა, რომ ამ უკანასკნელმა ზვერევთან პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად, პრესტიჟულ ტურნირზე კიდევ ერთ იტალიელ იანიკ სინერს უხმეს. ჯგუფების გამარჯვებულები ჯვარედინი პრინციპით ერთმანეთს ნახევარფინალებში გაეჯიბრებიან, შეჯიბრის ჩემპიონი კი 21 ნოემბერს გამოვლინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები