Thumbnail

GAMING | ყველაზე მასშტაბური ქართული ტურნირი დაიწყო, საპრიზო ფონდი 100 000 ლარია

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • მასშტაბური ტურნირი PUBG MOBILE-ით დაიწყო
  • როგორ გადანაწილდა საპრიზო ფონდი სახეობების მიხედვით
  • ჩემპიონატიდან eFootball მოიხსნა

ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის მიერ დაანონსებული, 100 000-ლარიანი ტურნირი შაბათს, 13 ნოემბერს დაიწყო. პირველი სახეობა, რომელიც მაყურებელმა იხილა, PUBG MOBILE გახლდათ. მობაილ თამაშების მოყვარულებს PUBG-ისთვის თვალის დევნება ყოველ შაბათ-კვირას შეეძლებათ, რომელშიც 100 000-ლარიანი საერთო საპრიზო ფონდიდან 16 000 ლარი იყო გამოყოყოფილი, მაგრამ მაღალი აქტიურობის გამო, ფედერაციამ საპრიზო ფონდი გაზარდა და ის ახლა 20 000 ლარს შეადგენს.

15 ნოემბრიდან სტარტი League of Legends-მა აიღო, რომელიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გულშემატკივრებს მატჩების ყურება ყოველ ორშაბათს, საღამოს 8 საათიდან შეეძლებათ. PUBG MOBILE-ის მსგავსად, LOL-ის საპრიზო ფონდიც 20 000 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს ეროვნულ ლიგაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა -  CS:GO, 16 ნოემბრიდან გამოჩნდება. ამ სახეობის მოყვარულებს, ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს შესაძლებლობა აქვთ, თვალი მიადევნონ ქვეყნის ყველაზე გამორჩეული გუნდების დაპირისპირებას. CS:GO-ს საპრიზო ფონდიც 20 000 ლარით შეფასდა.

კიბერსამყაროში DOTA 2 ყველაზე მაღალბიუჯეტიანი, იდუმალი და ამოუწურავი რესურსების მქონე სახეობად ითვლება, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ქართულ ტურნირში 18 ნოემბრიდან ჩაერთვება. შეხვედრების პირდაპირი ტრანსლირება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, ხოლო საპრიზო ფონდი აქაც 20 000 ლარს შეადგენს.

20 ნოემბერს ასპარეზობა ფეხბურთის მოყვარულებს დაეთმობათ. ტურნირში FIFA 22 გამოჩნდება. 20-21 ნოემბერს პირველი ეტაპი ჩატარდება, ხოლო ყოველ ხუთშაბათს საუკეთესო რვა მოთამაშე წრიული სისტემით დაუპირისპირდება ერთმანეთს. ჩემპიონატი ლანში, კიბერარენაზე გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

ყველაზე ბოლოს ტურნირში TEKKEN ჩაერთვება, რომელიც 23 ნოემბრიდან დაიწყება. ამ სახეობაში საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენს. ჩემპიონატი ლანში ჩატარდება და მისი ყურება სამშაბათობით იქნება შესაძლებელი.

ყველა სახეობაში საუკეთესო რვა გუნდი, ხოლო ფიფასა და ტეკენში ტოპ რვა მოთამაშე, ასპარეზობას ევროპაბეთის ზამთრის თასზე გააგრძელებს. ფინალური შეხვედრები სპორტის სასახლეში შედგება. მატჩების პირდაპირ ტრანსლირებას კი ფედერაციის YOUTUBE-ის არხი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი eFootball-იც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ konami-მ თამაშის სრული ვერსიის განახლება გაზაფხულამდე გადადო. როგორც კომპიუტერული სპორტის ფედერაციაში განაცხადეს, ტურნირის დემოვერსიაში ჩატარება შეუძლებელი გახდა, რის გამოც ის ჩემპიონატიდან მოიხსნა. eFootball-ში გამოყოფილი საპრიზო ფონდო კი სხვა სახეობებზე გადანაწილდება.

კომენტარები

ბოლო ამბები