Thumbnail

ზედიზედ 6 წაგების და ბოლო 4 მატჩის სტუმრად ჩატარების შემდეგ, ატლანტამ ისევ საკუთარ არენაზე ითამაშა და აშკარად გამოჩნდა, რომ ტრეი იანგს და კომპანიას ეს სასწრაფოდ სჭირდებოდათ. ატლანტას სროლები თავიდანვე წაუვიდა - ეს განსაკუთრებით სწორედ ტრეი იანგზე ითქმის, რომელმაც პირველ ნახევარში 7 სამქულიანი ჩააგდო. ტაიმში 7 სამიანი მისთვის ისევე რეკორდია, როგორც 27 ქულა (9/14) საწყის 24 წუთში. 

“უბრალოდ ძალიან გვინდა, რომ მოვიგოთ,” - თქვა ატლანტას ლიდერმა დიდი შესვენების ინტერვიუს დროს და მისმა გუნდმა მეორე ტაიმშიც დაამტკიცა, რომ გამარჯვების უდიდესი სურვილი ჰქონდა.

ბრუკ ლოპესის გარეშე მოთამაშე მილუოკის იანგისა და კლინტ კაპელას შეჩერება ძალიან უჭირდა. მასპინძელთა თითქმის ყველა შეტევა ამ დუეტის შემოქმედება გახლდათ. საბოლოოდ, იანგმა 42 ქულა დააგროვა, რაც ამ სეზონში რეკორდია (16/26, აქედან 8/13 სამქულიანი, პლუს 10 ასისტი). მასპინძელთაგან მეორე შედეგი ჯონ კოლინზს ჰქონდა (19 ქულა, 8/15), კაპელას ჰაილაითი კი იანის ანტეტოკუნმპოზე შესრულებული დანქი გამოდგა.

იანისმა 21 სროლიდან 9 ჩააგდო (1/5 სამიანი) და თამაში 26 ქულით დაასრულა

სხვათა შორის, ტრეი იანგი მხოლოდ მეოთხე კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში - მინიმუმ 40 ქულით, 8 სამქულიანითა და 10 ასისტით. დანარჩენი სამი არ გაინტერესებთ? სტეფ კარი, ჯეიმს ჰარდენი და დამიან ლილარდი.

იყო მომენტი, როცა მილუოკიმ ანგარიშში სხვაობა -8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ატლანტამ მოქმედი ჩემპიონი ამაზე უფრო ახლოს არ მიუშვა. ტრეის მერვე და საბოლოო სამიანი კი ისეთი სროლა გახლდათ, რომელმაც მატჩის ბედი ერთგვარად გადაწყვიტა.

მილუოკიდან ყველაზე მეტი ქულა იანისმა ჩააგდო (26), მაგრამ ბერძენს სიზუსტის პრობლემები ჰქონდა (9/21). ჰოლიდეის აქტივში 19 ქულაა, ალენის ანგარიშზე კი - 18. სანდრო მამუკელაშვილი მილუოკის რიგებში კვლავ არ გამოჩენილა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ბოლოს 3 ნოემბერს, დეტროიტთან ითამაშა. ამ სეზონში მის ანგარიშზე საშუალოდ მატჩში 2,7 ქულა, 1,3 მოხსნა და 0,3 პასია.

14 თამაშის შემდეგ, 6 მოგებით და 8 მარცხით მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. ბაქსი მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან გამართავს, ატლანტა კი 16 ნოემბერს ორლანდოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები