Thumbnail

უზბეკეთთან ამხანაგური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად ნიკა კვეკვესკირიც ესწრებოდა. პოლონური ლეხის ნახევარმცველმა შვედეთთან მოგებული მატჩი შეაფასა და ზოგადად, ეროვნულ გუნდში არსებულ სიტუაციაზეც ილაპარაკა.

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი)

...შვედეთთან და უზბეკეთთან მატჩებზე: "რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება დიდი პოზიტივი იყო. პლიუს ამას, კარგია, რომ ზედიზედ მეორედ მოვიგეთ. ეიფორია არ არის, პირიქით, გვინდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ამ შედეგების სტაბილურად ჩვენება. ხანდახან ნაკრებში ფეხბურთელთა ლიმიტირებული რაოდენობაა, შვედეთთანაც გვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, ზოგი თადარიგში იყო, ზოგსაც ტრავმის გამო არ უთამაშია. მაგალითად, არ იყვნენ კიტეიშვილი და მიქაუტაძე. ვიმეორებ, არანაირ ეიფორიაში არ ვართ. გამარჯვება ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნეთ და ამას მონატრებულები ვიყავით. უზბეკეთთან არის ტესტი, სადაც გამოჩნდება, თუ რამდენად შეგვიძლია თამაშიდან თამაშამდე დონის შენარჩუნება. შვედეთთან მატჩის შემდეგ თამასა მაღლა არის აწეული და მის ჩამოწევას არ ვაპირებთ. პირიქით, გვსურს, უფრო მოვუმატოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ“.

...სანაკრებო კონკურენციაზე: "ჯანსაღი კონკურენცია მოტივაციაზე დადებითად აისახება, თუმცა, არა მგონია, ეროვნულ ნაკრებში ზედმეტი მოტივაცია საჭირო იყოს, რადგან შენი ქვეყნისთვის თამაშობ. მხედველობაში სანაკრებო პაუზის სპეციფიკაც უნდა მივიღოთ. აუცილებელია გუნდში გქონდეს სათამაშო პრაქტიკა, ან ინდივიდუალურად იმუშაო, რომ როდესაც ნაკრებში იქნები, მოედანზე მაქსიმუმი გაიღო. როცა ნაკრებში გამოძახებული არ ვიყავი, გუნდს ვგულშემატკივრობდი და მოტივაცია მაშინაც არ მაკლდა. დარწმუნებული ვარ, ამ ნაკრებში მოტივაციის პრობლემა არ არის და მომავალშიც არ იქნება. ყველას გათავისებული აქვს, რას ნიშნავს თამაშობდე და ემსახურებოდე შენს ქვეყანას.

...ქომაგებსა და ნაკრებში არსებულ მდგომარეობაზე: "გულშემატკივრის როლი ძალიან დიდია. ჩვენთვის მათი გამხნევება ყოველთვის სხვანაირად აღიქმება და დადებითი ემოცია მოაქვს. ბათუმში რაც ხდებოდა, უდიდესი პოზიტივი იყო და სწორედ ეს ემოციები გახლდათ მთავარი. თანამედროვე ფეხბურთში ეიფორიაში ყოფნის დრო არ არის, ამიტომ, დიდი ხანი ამით ვერ ვისიამოვნეთ, რადგან მეორე დღეს უკვე მომდევნო მატჩზე ფიქრი დავიწყეთ. გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ურთიერთობას რაც შეეხება, როცა მე ვიწყებდი თამაშს, დისტანცია უფრო დიდი იყო, დღეს კი ეს შემცირებულია. ყველანაირად ვცდილობთ, ახალბედებს ინტეგრირება გავუადვილოთ და არა მგონია, ეს ვინმესთვის პრობლემა იყოს. ყველა გამოცდილი ფეხბურთელი უშუალო და კომუნიკაბელურია, ასე რომ, ამ კუთხით, ნაკრებში იდეალური თუ არა, იდეალურთან მიახლოებული სიტუაციაა.

...ბათუმის სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროზე: "ეროვნული ლიგის თამაშებს თვალს ვადევნებ და ბათუმში რა ზეიმსაც აწყობენ ადგილობრივი ფანები, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საფეხბურთო ქალაქია საქართველოში. შვედეთთანაც საოცარი ატმოსფერო იყო. მაგალითად, საბერძნეთთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს გასვლაზე ვთამაშობდით, მაგრამ შვედეთთან ყველაფერი სხვაგვარად გახლდათ. ბათუმში საოცარი გულშემატკივარია და მადლობა მათ. ახლა უკვე აღარც ვიცი სად ჯობია თამაში, თბილისში თუ ბათუმში. რა თქმა უნდა, დინამო არენაზეც საოცარი ატმოსფეროა, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებია და ის ყველა გულშემატკივარს ეკუთვნის".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩი ბათუმში შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 მოიგო. ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპი 8 მატჩში მოპოვებული 7 ქულით დაასრულა (2 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება).

კომენტარები

ბოლო ამბები