Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინმა ტრავმა მიიღო - ის ბაშოს პირველ დღეს დოჰიოზე ვერ გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 34 წლის ქართველი სუმოისტი წელის ტკივილმა შეაწუხა
  • ტოჩინოშინს მაკუუჩიდან ჯურიოში დაქვეითება ემუქრება

34 წლის ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი დღეს ფუკუოკაში დაწყებულ სუპერტურნირში ტრავმის გამო ვერ ჩაერთო და თუკი უახლოეს პერიოდში მომჯობინება ვერ მოახერხა, შესაძლოა, შეჯიბრზე საერთოდაც ვერ ვიხილოთ.

ვეტერანმა ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც კიუშუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, წელის ტრავმა ტურნირის წინ, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო და დოჰიოზე გასვლა ვერ მოახერხა. შეჯიბრის სასტარტო დღეს ლევანი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა იუტაკაიამას უნდა გაჯიბრებოდა, თუმცა, მეტოქეს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველ სეკიტორს მომჯობინებისთვის 2 კვირა დასჭირდება, თუმცა, თავად გორგაძეს იმედი აქვს, რომ მწყობრში უფრო ადრე ჩადგება. ოიაკატა კასუგანოს თქმით, ტოჩინოშინი მზადაა დოჰიოზე მაშინვე გავიდეს, როგორც წელის არეში ტკივილი დაუცხრება.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სუმოისტს ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ზედიზედ 5 ბაშო აქვს დასრულებული უარყოფითი ბალანსით, კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, რანგით მე-2 ჯურიოს დივიზიონში აღმოჩნდება, რაც კარიერის დასრულების ტოლფასი იქნება. ელიტაში დასარჩენად, გორგაძეს ფუკუოკაში მინიმუმ 5 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები