Thumbnail

წლის ბოლო ბაშოს წინ - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 14-28 ნოემბერი: კიუშუს ბაშო
  • 34 წლის ქართველი სუმოისტი იუტაკაიამასთან ორთაბრძოლით იწყებს

14 ნოემბერს წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშო იწყება, რომელიც კარიერაში 93-ე იქნება ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინისთვის (ლევან გორგაძე). შეძლებს თუ არა ქართველი სუმოისტი წლეულს პირველად ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებას (წინა 5 უარყოფითი ბალანსით დაასრულა) უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კუნძულ კიუშუზე ვიხილავთ. 34 წლის ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქის ვინაობა ცნობილია.

დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ტოჩინოშინი კვირას ბაშოს აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა იუტაკაიამასთან ორთაბრძოლით იწყებს. ლევანი 28 წლის იაპონელს აქამდე 5-ჯერ შეხვდა და ყველა ორთაბრძოლა მოუგო. ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის ხვდება, მასთანაც დადებითი ბალანსი აქვს ურთიერთშეხვედრებში: - 8:2. 

ერთადერთი იოკოძუნა ტერუნოფუჯი პირველ დღეს ბაშოს კირიბაიამასთან ორთაბრძოლით იწყებს, რომელიც კომუსუბის რანგში ჭიდაობს. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან მოიგო სექტემბრის ბაშო დიდი ჩემპიონის რანგში სადებიუტო ბაშოზე (სექტემბერში), რითაც იმპერატორის თასი კარიერაში მეხუთედ დაისაკუთრა. ოძეკი შოდაი პირველ მაეგაშირა დაიეიშოს ხვდება, ხოლო ოძეკი ტაკაკეიშო - პირველ მაეგაშირა ვაკატაკაკაგეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები